გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

აჩრდილი | გიორგი ჭკადუა

,,ვიმედოვნებთ, რომ ისინი მალე მოექცევიან თავისუფლების თბილი მზის ქვეშ“ - პირველი რესპუბლიკა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები ევროპისაკენ

(პიესა ორ მოქმედებად)

მოქმედება პირველი
პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

მოქმედი პირები:

დიდი ბრიტანეთი

საფრანგეთი

იტალია

ამერიკა

საქართველო

ვუდრო უილსონი (ამერიკის პრეზიდენტი)

ნოე ჟორდანია (საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე)

კარლო ჩხეიძე (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი წერეთელთან ერთად)

საბჭოს პრეზიდენტი

ამირა ზოკა-ედ-დოულე (სპარსეთი)

ოქტავიო (ბრაზილია)

ჩაგასი (პორტუგალია)

იონესკო (რუმინეთი)

პადერევსკი (პოლონეთი)

ბრანტინგი (შვედეთი)

ვივიანი (საფრანგეთი)

რესტრეპო (კოლუმბია)

ნანსენი (ნორვეგია)

ფიშერი (ბრიტანეთი)

მთხრობელი (სცენა ნელ-ნელა ნათდება. მთხრობელი არ ჩანს, მხოლოდ მისი ხმა ისმის): „რახან ჩემი პერსონაჟები თანამედროვე ადამიანები არიან, ცხოვრობენ გარდამავალ დროში, რომელიც, წინმსწრებ დროებასთან შედარებით, ისტერიულად აჩქარებულია, მე ისინი მერყევ, გაბზარულ ხასიათებად დავხატე, ძველისა და ახლის ნაზავად“, ‒ წერდა შვედი დრამატურგი, ავგუსტ სტრინბერგი 1888 წელს. თუმცა ტექსტი, რომელსაც კითხულობთ, მისი დაწერილი არ არის ‒ ნამდვილი ამბავია. ეს ყოველივე 1919-1920 წლებში მოხდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც დღევანდელი სამყაროს ფორმები შემოიხაზა. ეს ის დროა, როცა გლობალურ სცენაზე მოქმედი პერსონაჟები მორალურად იცვლებიან, შესაბამისად, აქ თითქმის არავინ არის ცალსახად ბოროტი ან კეთილი, ხუმარა ან უჟმური.

იმპერიალიზმის ხანაში არ არსებობდა პატარა ქვეყნის კონცეფცია. პირველი მსოფლიო ომის დასრულებასა და რამდენიმე დიდი იმპერიის დაშლას სრულიად ახალი აწმყო მოჰყვა. მსოფლიო პოლიტიკური რუკა ისე აჭრელდა, თითქოს ახალი ვირუსი გამონაყარივით მოსდებოდა დედამიწას, დიდ სახელმწიფოებს კი უნდა ესწავლათ, როგორ გამკლავებოდნენ „პანდემიას“.

სცენაზე ტრადიციულ სამოსებში გამოწყობილნი დგანან: საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა. საქართველო პატარა ბავშვივით შემოჰყავს მკლავგაყრილ ქალს, სხვა ქვეყნების გვერდით აყენებს და გადის. დანარჩენების ფონზე, ის თითქოს განაპირას დგას და ჰგავს თინეიჯერს, რომელსაც ზედა ტუჩი ახლა შეღინღვლია. მათ უკან მთელ სიგანეზე გაკრულია პოლიტიკური რუკა, რომელზეც ახალმოხაზული პატარა სახელმწიფოებიც არის აღნიშნული.

საქართველო (კითხულობს ფურცლიდან და მიმართავს დარბაზს): სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებლია აღიარება სხვა სახელმწიფოთა მხრიდან. პირველი მსოფლიო ომის ნასახსოვრები ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და სტაბილურობის დამყარება კი, უცხო ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, თითქმის შეუძლებელია. სანამ ომი მიმდინარეობდა, რუსეთისაგან თავდასახსნელად და ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების გადასასინჯად, საქართველომ გერმანიას მიმართა. ფაქტობრივად, მან გერმანია ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოიყენა, მაგრამ მსოფლიო ომში ამ ქვეყნის დამარცხებისთანავე, საქართველო ისევ მოკავშირის გარეშე დარჩა. არადა, მიზანი ისევ უწინდელი ჰქონდა ‒ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებსაც ეცნოთ და სუვერენიტეტის გარანტია მიეღო დიდი სახელმწიფოებისგან. ამ გარანტიის მოპოვება მხოლოდ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე შეიძლებოდა, სამყაროს ახალი წესრიგის საფუძვლად ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ხომ სწორედ იქ დასახელდა.

სცენაზე სხვა ქვეყნები ერთმანეთს გაკვირვებულები გადახედავენ და ერთხმად იკითხავენ: „ვინ არის ეს?“

მთხრობელი (დაბნეულობის გაფანტვას ცდილობს): კულტურის დარგის თეორეტიკოსის, სტიუარტ ჰოლის აზრით: „იდენტობა ერთგვარი გარანტიაა, რომ სამყარო ისე სწრაფად არ ჩამოიშლება შენ გარშემო, როგორც ზოგჯერ გგონია. იდენტობა თითქოს ერთ ადგილზე დამაგრებული უძრავი წერტილია, რომელიც აზროვნებისა და არსებობისთვის გჭირდება; ის საფუძველია, ყველა შენი მოქმედება რომ ეყრდნობა. იდენტობაა გარანტია ცვალებად სამყაროში… მისი ენა და ლოგიკა სიღრმეს ეფუძნება ‒ აქ, ჩემში, შიგნით, ღრმად არსებობს „მე”, რომელზეც ფიქრი და დაკვირვებაც შემიძლია. იდენტობა უწყვეტობის, მთლიანობის ელემენტია”.

სცენა მთლიანად ბნელდება. შუქი ინთება მხოლოდ მარჯვნივ, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია დგას.

ნოე ჟორდანია: რაკი ქართველი ერის დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა ვერ მივიღეთ შინაგანი, საიმპერიო ძალების აწყობით, ვერც კავკასიის ფრონტის შექმნით, გარეშე იმპერიალისტური ძალებისკენ მივიჩეხეთ და ალალბედად გადავებით მათ ინტერესებს. ჩვენ აქ მოვიპოვებდით მფარველობას, იმდენად, რამდენადაც თავისუფალი საქართველო შევიდოდა მათ საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში, ე. ი. რამდენადაც ეს მათთვის სასარგებლო და საინტერესო გახდებოდა. ყველა ახლადაღორძინებული ერი გაექანა ევროპისკენ, ყველამ აქ გაშალა თავის მუშაობა და დაიწყო ძებნა ‒ მფარველისა და დახმარების. მათ შორის ვიყავით ჩვენც. ესე იგი, მიზანი ურყევი რჩება ‒ ნაციონალური თავისუფლება ჩვენს დროშად, მხოლოდ მეთოდი იცვლება. ვცდილობთ, მოვიპოვოთ დამოუკიდებლობის გარანტია დიდი სახელმწიფოებისგან და საამისოდ იწყება მთელი საგარეო მუშაობა.

ჟორდანიას თავზე შუქი ქრება. მხოლოდ სცენის ცენტრი რჩება განათებული, სადაც ქვეყნები დგანან.

საფრანგეთი: გერმანია სასტიკად უნდა დაისაჯოს. მას უნდა ჩამოერთვას ჩვენი კუთვნილი ტეროტორიები ‒ ელზასი და ლოთარინგია, ხოლო ომის დროს მიყენებული ზარალი აგვინაზღაუროს ფულადი გადასახადით. ამავდროულად, ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ხდება რუსეთში. იქ კვლავ სამოქალაქო ომია. ჩვენ გვსურს, აღდგეს რუსეთის იმპერია, განვაახლოთ მასთან ვაჭრობა და ახალმა მონარქმა დაგვიბრუნოს კუთვნილი თანხა. 1918 წლის 12 დეკემბერს საფრანგეთის პრემიერმინისტრი ქვეყნის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ლონდონშიც, უგზავნის ტელეგრამებს, რომ საქართველოს აღიარება არ შეესაბამება მიმდინარე ვითარების მოთხოვნებს. მეტიც, საფრანგეთის მთავრობა თხოვნით მიმართავს დიდ ბრიტანეთს, რომ არ ცნოს საქართველოს დამოუკიდებლობა.

ბრიტანეთი: ძალთა ბალანსი ‒ ეს გვსურდა ყოველთვის და გვსურს ახლაც. დიახ, უნდა აღდგეს რუსეთის იმპერია. ამისათვის ჩვენ დავეხმარებით მის მონარქისტულ ძალებს. რუსეთის მსოფლიო ომიდან გამოთიშვის შემდეგ, 1917 წლის 23 დეკემბერს, პარიზში გამართულ ბრიტანეთ-საფრანგეთის კონფერენციაზე კავკასია ბრიტანეთის საოკუპაციო ზონად გამოცხადდა. შესაბამისად, კავკასიის მხრიდან დენიკინის მონარქისტულ არმიას მარტივად დავეხმარებით. დიახ, ბატონებო, აზერბაიჯანში ნავთობის დიდი რესურსია და კავკასიისადმი ბრიტანეთის ინტერესი ლოგიკურია, მაგრამ რუსეთის იმპერიის აღდგენა და მისგან ვალების მიღება ასევე ჩვენს პრიორიტეტებში შედის. თუმცა, აქ ერთი საგულისხმო დეტალია: გერმანიის ძლიერ დასჯასა და დასუსტებას არ ვემხრობით, ეს ხელს შეუშლის ძალთა ბალანსის შენარჩუნებას და ძველი წესრიგის აღდგენას.

ასე რომ, შევაჯამოთ, ბატონებო: ომის სწრაფად დასრულება ბრიტანეთის პრემიერმინისტრისთვის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არ გვსურს ეკონომიკური ზარალის გაღრმავება და საკუთარი მოსახლეობის კიდევ უფრო გატანჯვა. ჩვენ გვინდა, თავიდან ავირიდოთ ანტიბოლშევიკური ომი… და თუ ბრიტანეთის იმპერიას ამ ომის წარმოებას მაინც მოსთხოვთ, ერთადერთ რამეს გკითხავთ (ბრიტანეთის როლის შემსრულებელი მსახიობი რუკისკენ შებრუნდება): რამდენი ქვეყანაა მზად, რომ მსოფლიო ომის შემდეგ ჯარები გაგზავნოს რუსეთში?

ხანგრძლივი დუმილი.

იტალია: 1915 წელს, ლონდონში, დავდეთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იტალია უნდა ჩართულიყო მსოფლიო ომში, სანაცვლოდ კი კონკრეტულ ტერიტორიებს მიიღებდა. ჩვენ გვსურს, ეს შეთანხმება უკომპრომისოდ შესრულდეს!

ამერიკა: ჩვენი წარმომადგენელი გზაშია, ცოტა ხანს დაელოდეთ.

სცენის შუა ნაწილს კვლავ სიბნელე მოიცავს. შუქი ისევ მხოლოდ ნოე ჟორდანიას ეცემა.

ნოე ჟორდანია: საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა წლებშიც მხოლოდ ევროპულ სოციალისტურ დაჯგუფებებს უხმობდა. შესაბამისად, ქვეყანას არ გააჩნდა ევროპაში საგარეო პოლიტიკის გამოცდილება და კავშირები. საქართველოსა და კავკასიაზე ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემა იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციის დროსაც.

სცენაზე ინთება კიდევ ერთი შუქი და ეფინება ჟორდანიას გვერდით მდგომ კარლო ჩხეიძეს, საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.

კარლო ჩხეიძე: დელეგაციას თვეზე მეტი დაგვჭირდა, სტამბოლიდან პარიზისკენ წასვლის ნებართვა რომ მიგვეღო. ჩვენ ევროპასთან საქმეს მუდამ რუსეთის ან თურქეთის გავლით ვიჭერდით. კიდევ უფრო გაგვირთულა მდგომარეობა იმან, რომ მე და დელეგაციის კიდევ ერთი ლიდერი, ირაკლი წერეთელი, რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბებული დროებითი მთავრობის წევრებიც ვიყავით. შესაბამისად, ყველა ეჭვის თვალით გვიყურებდა: უნდა დაგვემტკიცებინა, რომ არც ბოლშევიკების ჯაშუშები ვიყავით და არც ქემალისტების; რომ დამოუკიდებელი ინდივიდები ვართ და ჩვენი ქვეყანაც დამოუკიდებელია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ როგორც სახელმწიფოს, ერს, მთელი ჩვენი წარსულით და აწმყოთი, ევროპაში სრულიად არ გვიცნობდნენ.

შუქი ინთება სცენის ცენტრშიც. შემოდის ამერიკის პრეზიდენტი, ვუდრო უილსონი, ხელში ორი დიდი თაბახის ფურცლით.

ვუდრო უილსონი: ეს 14 პრინციპი ახალი წესრიგის საფუძველი უნდა გახდეს. მსოფლიო უნდა ემყარებოდეს პრინციპებს და არა ძალაუფლებას; კანონს და არა ინტერესებს. ეს იქნება დიდ სახელმწიფოთა მოქმედების ფუნდამენტური ცვლილება. ხალხს უნდა მივცეთ თვითგამორკვევის უფლება, ამ უფლებაზე დაყრდნობილი ახალი საზღვრების გარანტი კი უნდა იყოს ერთა ლიგა ‒სახელმწიფოთა გაერთიანება.

სხვა ქვეყნები დაბნეულები უცქერენ ვუდრო უილსონს. სცენაზე გამოდის ქალი, მიდის საქართველოსთან და ამოჩაჩულ პერანგს შარვალში ჩაუყოლებს. ერთხანს დუმან, გაურკვევლობის ნიშნად, დაბნეულად აქნევენ თავს და ყველაფერი თავიდან იწყება:

საფრანგეთი: სასტიკად უნდა დაისაჯოს გერმანია. მას უნდა ჩამოერთვას ჩვენი კუთვნილი ტერიტორიები ‒ ელზასი და ლოთარინგია, ომის დროს მიყენებული ზარალი კი აგვინაზღაუროს ფულადი გადასახადით. ამავდროულად...

პერსონაჟების ხმა იკარგება. ისინი ერთმანეთთან აგრძელებენ საუბარს.

მოქმედება მეორე - ერთა ლიგა (ჟენევა)

მთხრობელი: ერთა ლიგაში თავდაპირველად გამოიყო რამდენიმე კომიტეტი. ახალი ერების მიღების საკითხს მეხუთე კომიტეტი განიხილავდა. შეიქმნა ქვეკომიტეტებიც და თითოეულ მათგანს რამდენიმე ქვეყნის მდგომარეობა უნდა შეესწავლა. მომზადებული დასკვნები განიხილებოდა ერთა ლიგის პლენარულ სხდომაზე, სადაც საბოლოოდ გადაწყდებოდა, რომელი ქვეყანა გახდებოდა ერთა ლიგის წევრი, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  1. ჰქონდა თუ არა (და რომელი ქვეყნებისგან) აპლიკანტ ქვეყანას დე ფაქტო ან დე იურე აღიარება?
  2. რამდენად სტაბილური მთავრობა ჰყავდა მას და ჰქონდა თუ არა დადგენილი საზღვრები?
  3. რას შეადგენდა ქვეყნის ფართობი და რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მის ტერიტორიაზე?
  4. იყო თუ არა მისი მმართველობა აბსოლუტური?
  5. როგორი წარსული ჰქონდა ქვეყანას, აქტებისა და სხვისთვის მიცემული გარანტიების ჩათვლით?

პლენარულ სხდომაზე, 1920 წლის 15 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე, სწორედ ქვეკომიტეტების რეკომენდაციები გადაისინჯა საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად.

საბჭოს პრეზიდენტი:

პროგრამის მიხედვით, ახლა უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ქვეყნის აპლიკაცია. ვიხმობ კომიტეტისა და ქვეკომიტეტების თავმჯდომარეებს.

შუქი ინთება სცენის მარჯვენა მხარეს, სადაც ჟორდანიასა და კარლო ჩხეიძესთან ერთად, სხვა ადამიანებიც დგანან. ისმის ყვირილი:

„იწყება, ხალხო, იწყება, მოდით“.
„ჩუ, ჩუ, მასმენინე“.
„არ შემიძლია, არა, ვერ ვუყურებ ამას“.

ხალხის ფუსფუსის გამო, არ გვესმის, რა ხდება სხდომის დასაწყისში. სიტყვით გამოდის ჯერ მეხუთე კომიტეტის თავმდჯომარე, ჩილეს წარმომადგენელი, შემდეგ კი ხელს იწევს სპარსეთის წარმომადგენელი.

პრეზიდენტი:

სპარსეთის წარმომადგენელს სურს სიტყვის წარმოთქმა. გთხოვთ, რაც შეიძლება მოკლედ ისაუბროთ, რათა დროულად გადავიდეთ კონკრეტული ქვეყნების აპლიკაციათა განხილვაზე.

ამირა ზოკა-ედ-დოულე (სპარსეთი):

როგორც იქნა, ერთა ლიგაში ახალი ქვეყნების მიღების დროა.

ეს ბრწყინვალე ინსტიტუტი იშვა დიდი კატასტროფის შემდეგ, იმ კატასტროფის, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, მსოფლიოს ყველა მოსახლეს შეეხო. სამყაროში წონასწორობის აღსადგენად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ვფიქრობ, ერთა ლიგას უნდა შეუერთდეს ადამიანთა ყოველი რასა და მოდგმა.

ერთა ლიგის პაქტზე დაყრდნობით, მოვითხოვ, დავაკმაყოფილოთ ყველა აპლიკანტი სახელმწიფოს მოთხოვნა, სადაც დადგენილია საზღვრები, მოქმედებს სტაბილური მთავრობა და ჭარბობს დემოკრატიული იდეალები.

ერთა ლიგაში მიღება ნიშნავს მათი არსებობის ლეგიტიმაციის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გარანტიას. არასწორი იქნება, თუ უარს ვეტყვით ამაზე, რადგან შესაძლოა, ამერიკაში ან რუსეთში დაარსდეს სხვა ორგანიზაცია, რომელიც ჩვენგან უგულებელყოფილ სახელმწიფოებს გააერთიანებს. ეს კი ნამდვილი უბედურება იქნება და საფრთხეს შეუქმნის ევროპას, როგორც დამოუკიდებელ და ძლიერ ერთობას. იმედი მაქვს, რომ ლიგა, რომელიც ჟენევაში მდებარეობს, ყველა ერს შეკრებს ‒უგამონაკლისოდ!

პრეზიდენტი:

დღევანდელ დილის სხდომაზე ასამბლეამ არ დააკმაყოფილა სომხეთის განაცხადი. მის მთავრობას გაეგზავნა დოკუმენტები ერთა ლიგის ტექნიკურ ორგანიზაციებში ჩართულობის შესახებ.

ახლა კი უნდა განვიხილოთ ესტონეთის, საქართველოს, ლატვიისა და ლიტვის აპლიკაციები. ზოგიერთმა თქვენგანმა სურვილი გამოთქვა, რომ ბალტიისპირა ქვეყნები ერთ ჭრილში განვიხილოთ. ჩემი შემოთავაზებაა, დავიწყოთ ესტონეთზე საუბარი და, ამავდროულად, ჩავებათ ზოგად დისკუსიაშიც. მას შემდეგ, რაც ბალტიის ქვეყნების საკითხს გადავჭრით, გადავალთ საქართველოს აპლიკაციაზეც.

ვუხმობ ბატონ ოქტავიოს, კომიტეტის მომხსენებელს.

ოქტავიო (ბრაზილია):

კომიტეტმა სამივე ქვეყნის განაცხადი დიდი სიმპათიით განიხილა. ბალტიისპირეთის თითოეული ქვეყანა უძველესმა ხალხებმა დაარსეს. მრავალი წლის განმავლობაში ისინი ცარისტული რუსეთის შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვეს და დიდი ძალისხმევა გაიღეს ძველი ეროვნული ერთიანობის დასაბრუნებლად. მათ აქვთ საკმარისი ტერიტორია და ჰყავთ დიდი მოსახლეობა, ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპებით არჩეული მთავრობით. ისინი მზად არიან, შეასრულონ საერთაშორისო ურთიერთობებში წამოჭრილი ნებისმიერი ვალდებულება.

თუმცა, მსოფლიოში არსებული მდგომარეობისა და ბალტიისპირა ქვეყნების შიდა პრობლემების გათვალისწინებით, ასეთ დასკვნამდე მივედით:

(ა) გარემოებები ისეთია, რომ ასამბლეას არ შეუძლია გარკვეული გადაწყვეტილების მიღება;

(ბ) ასამბლეის შემდგომი გადაწყვეტილებების მოლოდინში, ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ მონაწილეობა ლიგის ტექნიკურ ორგანიზაციებში.

რესტრეპო (კოლუმბია):

ბრაზილიის წარმომადგენელს, ბატონ ოქტავიოს, დიდ პატივს ვცემ, პატიოსნებისა და მაღალი სტატუსის გამო და, როგორც მეზობელი ქვეყნის შვილს, გამორჩეულ თანამემამულედ მივიჩნევ. მისი სიტყვიდან გამომდინარე, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი მიზეზი, რომ უარი ვუთხრათ ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე.

დღეს დილით იძულებული გავხდი, სინანულით მიმეცა ხმა სომხეთის წინააღმდეგ, რადგან ის არ აკმაყოფილებს სამართლებრივ პირობებს, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი მთავრობის მქონე სახელმწიფოს, სამფლობელოსა თუ კოლონიის ფორმირებისთვის. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ სომხეთის დასავლეთ ნაწილში ქემალისტები შეიჭრნენ ‒ თურქეთის არმიის სახელით ცნობილი უბედური ძალის უკანასკნელი ნარჩენები. ამავდროულად, სომხეთის დარჩენილი ნაწილი დაიკავეს ბოლშევიკებმა. ეს ორი მხარე, ფაქტობრივად, თანამზრახველები არიან და საერთო დანაშაულს სჩადიან.

ბოლშევიკებმა და თურქებმა მართლაც მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც რეგიონში არ ქმნის ისეთ მშვიდობას, ჩვენ რომ გვინდა და წარმოგვიდგენია. გვსურს, სომხეთი თავისუფალი იყოს. ახალ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ თვალწინ იტანჯება, არ აქვს საზღვრები, არ ჰყავს შესაფერისი მთავრობა და არ იმართება თავისუფლად, ლეგალურ ჭრილში სახელმწიფოსაც ვერ ვუწოდებთ. მაშასადამე, საკმარისი საფუძველი გვაქვს, რომ უარი ვუთხრათ მიღებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყანა მალე მოექცევა თავისუფლების მზის ქვეშ, მოგვიანებით ერთა ლიგაში გასაერთიანებლად.

რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს, აქ საქმე სხვაგვარადაა.

პრეზიდენტი:

შეგახსენებთ, სერ, რომ სასაუბროდ გამოყოფილი ათი წუთი იწურება.

რესტრეპო (კოლუმბია):

თუ ასეა, საუბარს აღარ გავაგრძელებ.

პრეზიდენტი:

შეგაწყვეტინეთ, სერ, რომ მოგცეთ საშუალება თქვენი სიტყვის შესაჯამებლად, რომელსაც ასამბლეა ცოტა ხანში სიამოვნებით მოისმენს.

მოვუხმობ ბატონ ჩაგასს.

ჩაგასი (პორტუგალია):

ბატონი ოქტავიოს განმარტების შუქზე, შეგვიძლია, მკაფიოდ ვთქვათ, რომ ბალტიის ქვეყნები ერთა ლიგის პაქტში გაწერილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. შესაბამისად, ვერ ვხედავ არგუმენტს, რატომ უნდა ვუთხრათ უარი. ეს სახელმწიფოები გვთხოვენ, რომ არსებობის გარანტია მივცეთ, ჩვენ კი, როგორც ჩანს, პირდაპირ სასიკვდილოდ ვწირავთ, რადგან მათ მეზობლად ბოლშევიკური რუსეთია.

ამ მოცემულობის ფონზე მათთვის უარის თქმა სრულიად პარადოქსული რამ იქნება. გამოდის, ერთა ლიგაში ქვეყნებს იმიტომ არ ვიღებთ, რომ საფრთხე ემუქრებათ. თუ მართლა ასეა, იგივე მიზეზი შეიძლება დასახელებულიყო ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ, რომლის არსებობაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს.

რუსეთის იმპერიის დაშლის ერთ-ერთი ნაყოფიერი შედეგი იყო ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბება, რომლებიც ჩვენს კარზე აკაკუნებენ და თანამეგობრობაში გაწევრიანებას ითხოვენ. მათთვის უარის თქმა ნიშნავს პოლიტიკურ იდეალებზე უარსაც, ასევე იმას, რომ ფარულ ამბიციებზე დაყრდნობით ვმოქმედებთ და არა პაქტში გაწერილი შეთანხმებით.

წარმატებული წინსვლისთვის, ერთა ლიგამ პირველი ნაბიჯები გაბედულად უნდა გადაგდას, ის კი ჩანასახშივე კაპიტულაციას აცხადებს.

იონესკო (რუმინეთი):

რუმინეთს სურს, განმარტოს თავისი გადაწყვეტილება: კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ შეძლებდა გაერთიანებას, რომ არა თვითგამორკვევის პრინციპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ბალტიისა და კავკასიის სახელმწიფოთა აღიარებასა და თანამეგობრობაში გაერთიანებას.

თუ რუმინეთი ამ ეტაპზე ხმას არ აძლევს მათ დაუყოვნებლივ მიღებას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვსურს, კარგად გავმიჯნოთ ერისა და სახელმწიფოს კონცეფციები. ყოველი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ერთა ლიგის პაქტით დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნებს. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ასე არ არის. როგორც კი აპლიკანტი ქვეყნები ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, რუმინეთი იქნება პირველი, რომელიც მათ სასარგებლოდ მისცემს ხმას.

პადერევსკი (პოლონეთი):

რამდენიმე პატარა ქვეყანამ მოითხოვა ერთა ლიგაში გაწევრიანება. სანამ უშუალოდ კონკრეტულ სახელმწიფოებზე ვიმსჯელებთ, მინდა, ასეთი შეკითხვა დავსვა: რას ნიშნავს პატარა ერი? ნუთუ ისინი უბრალოდ ბუნდოვანი, უმნიშვნელო ტომები და რასობრივი ერთობები არიან, ისე მცირენი, რომ მათ მიმართ მსოფლიოს დიდმა სახელმწიფოებმა სიბრალული და მოწყალება უნდა გამოიჩინონ? არა, ბატონებო, ასე არ არის! სადაც ერი არსებობს, არსებობს იდეაც, მისიაც და ისტორიაც. ამ მხრივ, პატარა ერები ჩვენი თანასწორნი, ჩვენი მეგობრები, ჩვენი დები და ძმები არიან.

არ მჭირდება კონკრეტული მაგალითების მოყვანა. ჩემი აზრი, ვფიქრობ, ისედაც ცხადია: წინდახედულნი უნდა ვიყოთ, როდესაც პატარა ერებზე ვმსჯელობთ, რადგან არასოდეს ვიცით, რისი მოცემა ან გაკეთება შეუძლიათ ჩვენთვის.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ‒ დღეს ჩვენი მტრები, რომლებიც, იმედია, ხვალიდან მეგობრები გახდებიან, ახალგაზრდა და ხალხმრავალი უკრაინა, უძველესი საქართველო, ახლადშექმნილი აზერბაიჯანი და საუკუნეების განმავლობაში მოწამეობრივი ერი ‒ მწუხარე სომხეთი. ისინი თქვენკენ ხელგამოწვდილნი დგანან, გაფითრებულნი, კვლავ რომ აჩნევიათ იმ მძიმე ბორკილების კვალი, რომელიც ომმა დაამსხვრია. იმედის ალით ანთებულა მათი თვალები, რომლებიც ვერ ჩააქრო მრავალწლიანმა მონობამ. ისინი ითხოვენ თავისუფლების დიდ ერთობაში მონაწილეობას, რომელიც მოკავშირეთა გამარჯვებამ შესთავაზა მკვდრეთით აღმდგარ ხალხებს. მათ ბევრი იტანჯეს, თუმცა ეს ტანჯვა არ დასრულებულა; ბევრი იბრძოლეს, თუმცა ჯერ არც ეს ბრძოლა დამთავრებულა, არ გამქრალა იმედი. პოლონეთის გული კი მათთანაა, ვინც იტანჯება, ვინც იბრძვის და ვისაც იმედი აქვს. ამიტომ, ჩვენ გვსურს, უყოყმანოდ გავცეთ პასუხი მათთვის დასმულ შეკითხვას!!! (აპლოდისმენტები)

თუმცა, პოლონეთის მადლიერებით აღსავსე გული, ასევე და უპირველეს ყოვლისა, არის მათთანაც, ვინც გულუხვად გვეხმარებოდა და გვიჭერდა მხარს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, ვისი დამსახურებაა მისი დამოუკიდებლობა. ისიც უწყის, რომ ამისთვის მადლობელი უნდა იყოს. პოლონეთის მხარდამჭერი ქვეყნების აზრით კი, როგორც ჩანს, ამ ერების მიღების დრო ჯერ არ დამდგარა. ცხადია, პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრი უნდა დავთრგუნოთ და ვინმეს ანგარიში გავუწიოთ. ამიტომ, ბატონებო, პოლონეთი თავს შეიკავებს. ამავდროულად, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქვეყნის კეთილისმსურველებს შეუძლიათ, შეცვალონ გადაწყვეტილება. შესაძლებელია, ერთხელ და სამუდამოდ გამოვაცხადოთ ყველა პატარა ერის თავისუფლება, მტრები იქნებიან თუ მოყვარენი. ამგვარად, სამყაროს მოდებული სიბნელის ფონზე, ერთა ლიგა ახალი წესრიგის გარიჟრაჟად ამონათდება. (ხმამაღალი აპლოდისმენტები)

ბრანტინგი (შვედეთი): ასეთ დამაბნეველ ვითარებაში, როდესაც არც ესტონეთი, არც ლატვია და არც ლიეტუვა არ უღიარებია რომელიმე დიდ სახელმწიფოს, მათი ერთა ლიგაში მიღება დიდი რისკია, რომელსაც თავს ვერაფრით ავარიდებთ. ეს რისკი გამომდინარეობს ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობიდან. მათ ემუქრებათ საფრთხე იმ ძალისგან, რომლის მისწრაფებათა გამოცნობა არავის შეუძლია, და რომელიც ერთ დღეს საფრთხეს შეუქმნის მთელი ევროპის თავისუფლებას.

ვივიანი (საფრანგეთი): ბატონებო, მოკლედ გამოვხატავ ჩემს აზრს. ამისათვის მხოლოდ ერთა ლიგის პაქტის შეხსენება დამჭირდება: როგორც იცით, მეათე მუხლი გვავალდებულებს საომარ მოქმედებებში ჩართვას, თუკი რომელიმე ჩვენგანს საფრთხე დაემუქრება. მარტივად, ეს ნიშნავს, რომ როგორც დიდ, ასევე პატარა ქვეყნებს უნდა შეეძლოთ ჯარების გაგზავნა საომარი მდგომარეობისას. ეს ფაქტი აუცილებლად გასათვალისწინებელია, როდესაც ახალშექმნილ მცირე ერთა დაუყოვნებლივ მიღებაზე ვსაუბრობთ.

პრეზიდენტი: პროცედურის თანახმად, კენჭი უნდა ვუყაროთ ესტონეთის მიღებას, შემდეგ კი გავაგრძელებთ დისკუსიას.

ხმა მისცა 32-მა ქვეყანამ
მომხრე ‒ 5
წინააღმდეგი ‒ 27
არ იყო/თავი შეიკავა ‒ 10

პრეზიდენტი: ახლა კი, ბატონებო, გადავიდეთ ლატვიისა და ლიეტუვის საკითხზე, ხოლო საქართველო ცოტა ხნით გადავდოთ.

რესტრეპო (კოლუმბია): მინდა ვიცოდე, სერ, შემიძლია თუ არა კენჭისყრამდე დავასრულო სიტყვა, რომელიც დავიწყე?

პრეზიდენტი: ცხადია, ბატონო რესტრეპო, დაასრულეთ.

რესტრეპო (კოლუმბია): ბატონო პრეზიდენტო, ჯენტლმენებო, ჩვენ შევთანხმდით, რომ ლატვიის, ლიეტუვისა და საქართველოს საკითხები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

მეხუთე კომიტეტის დასკვნით, ესტონეთიც, ლიეტუვაც და ლატვიაც ასრულებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც განსაზღვრულია ერთა ლიგის პაქტით და მათ სრული უფლება აქვთ, გახდნენ თანამეგობრობის წევრები. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ „კომიტეტის აზრით, საკითხი დამატებითი გარემოებების გარეშე, მხოლოდ პირველ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნათა საფუძველზე უნდა გადაწყდეს...“

აქ გარკვევით წერია: „ახალი, დამატებითი გარემოებების გარეშე“.

თუკი ბალტიისპირა ქვეყნებიცა და საქართველოც ერთა ლიგის გაწერილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და სხვა ახალი პირობა არ არის გასათვალისწინებელი, რატომ ვამატებთ ახალ პრაქტიკულ გარემოებებს მათ წინააღმდეგ არგუმენტების მოსაყვანად? თანაც, ეს კომიტეტის დასკვნაში პირდაპირ წერია: „მათი მოთხოვნა ლიგაში გაწევრიანების შესახებ თანაგრძნობით განვიხილეთ, მაგრამ არსებული გარემოებები იმდენად რთულია, რომ ასამბლეას არ შეუძლია, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება“. ამ დასკვნაში ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვა „გარემოებებს“, რომელიც თითქმის ერთი წლის შექმნილ ორგანიზაციას, ერთა ლიგას, სამარცხვინო სიტუაციაში აყენებს. პირადად ჩემთვის „გარემოებებზე“ საუბარი არის ერთა ლიგის პაქტის დარღვევა და, შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის დარღვევაც.

თუმცა, კი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ. რა გარემოებებს ვგულისხმობთ? იმას, რომ ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა ემუქრება? განა ბოლშევიკებმა პირველებმა არ აღიარეს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა? ახლა პირიქით, თვითონ ემუქრებიან მას, დანარჩენები კი ველოდებით ამ მონსტრის გაძლიერებას და უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ იქ თავისით დამყარდება ხელისუფლება, რომელიც სხვა ერების უფლებებს პატივისცემით მოეპყრობა. მჯერა, რომ მეათე მუხლის მიხედვით, ერთა ლიგის ვალია, დაეხმაროს მათ. სხვა შემთხვევაში თანამეგობრობა იქამდე დამარცხდება, სანამ გეოპოლიტიკურ სცენაზე შეაბიჯებს, ეს კი იქნება ჩვენი და დიდი სახელმწიფოების მარცხი ბოლშევიკების წინააღმდეგ. (აპლოდისმენტები)

პრეზიდენტი: ვფიქრობ, კენჭისყრის დროა.

ლატვიის ერთა ლიგაში მიღებას ხმა მისცა 29 სახელმწიფომ
მომხრე ‒ 5
წინააღმდეგი ‒ 24
თავი შეიკავა ‒ 13
ლიეტუვის ერთა ლიგაში მიღებას ხმა მისცა 28 სახელმწიფომ
მომხრე ‒ 5
მოწინააღმდეგე ‒ 23
თავი შეიკავა ‒ 14

პრეზიდენტი: ახლა გადავიდეთ საქართველოზე.

ნანსენი (ნორვეგია): მოგესალმებით, ბატონებო. როგორც მეხუთე კომიტეტის მთავარი მდივანი და საქართველოს საკითხის მომხსენებელი, წარმოვადგენ იმ უმცირესობის აზრს, რომელიც საქართველოს ერთა ლიგაში მიღების მომხრეა.

ამ ქვეყანაზე მსჯელობისას, უმრავლესობისთვის ბუნდოვანი იყო, კონკრეტულად სად გადის მისი სახელმწიფო საზღვრები. თუმცა, ჩემთვის ეს საკითხი სრულებით ცხადია: რუსეთისგან საქართველოს ბუნებრივი საზღვარი, კავკასიონის ქედი გამოყოფს, რომლის დანახვაც და დაცვაც საკმაოდ ადვილია. აზერბაიჯანსა და სომხეთთან ჯერ ბოლომდე არ შემდგარა შეთანხმება, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს და არ მგონია, საქართველოს რაიმე პრობლემას ან საფრთხეს უქმნიდეს.

მეორე მხრივ, არსებობს უფრო მტკიცე და საფუძვლიანი მიზეზები, თუ რატომ უნდა მივიღოთ საქართველო ერთა ლიგაში. პირველ რიგში, საქართველო ‒ ან, უკეთ რომ ვთქვათ, ქართველი ერი ‒დიდი ხნის განმავლობაში იყო დამოუკიდებელი. ეს უძველესი ხალხი რუსეთის ნაწილი მხოლოდ წინა საუკუნეში გახდა, ახლა კი ისევ დამოუკიდებელია. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, მგონია, რომ არ არსებობს მისთვის უარის თქმის საფუძველი.

ამასთანავე, საქართველოს გეოგრაფია განსხვავდება ბალტიის ქვეყნების გეოგრაფიისგან. ეს არ არის სახელმწიფო რუსეთსა და შავ ზღვას შორის, რუსეთს არ სჭირდება ზღვაზე გასასვლელის მოპოვება. შესაბამისად, მისი ინტერესიც საქართველოსადმი ნაკლები უნდა იყოს.

დამატებით უნდა ვთქვათ, რომ თუკი ჩვენი წინარე მსჯელობა რაიმეს ნიშნავდა თქვენთვის, თუკი ჩვენი სიტყვები რეალურ შინაარსს ატარებდა და მართლაც გვსურს სომხეთის დახმარება კავკასიაში, საქართველოს მხარდაჭერა პირველი ნაბიჯი იქნება რეგიონში სამართლიანობის აღსადგენად. შეგახსენებთ, ბატონებო, რომ სამყაროს ამ ნაწილში ბოლშევიზმი მძლავრობს და თუკი გვსურს, მას ვებრძოლოთ, წამითაც არ უნდა ვიყოყმანოთ საქართველოს ერთა ლიგაში მისაღებად. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრძოლისკენ. საქართველოს დაცვა ბოლშევიზმისგან ჩვენი უმთავრესი მისიაა სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილში.

ცხადია, შეიძლება ყველა ქვეყანას დაემუქროს საფრთხე და მოგვიწიოს საომარ მოქმედებებში ჩართვა. თუმცა, საქართველოს ერთა ლიგაში მიღებით, მას შემოჭრის საფრთხისგანაც დავიცავთ, მეორე მხრივ კი ვაჩვენებთ, რომ თანამეგობრობა ნამდვილად მზად არის პატარა ერების დასაცავად. თქვენ წინ ერთ-ერთი მცირე ერია, რომელიც დახმარებას ითხოვს და იმედი მაქვს, საბჭო მათ სურვილს დააკმაყოფილებს.

ლორდი რობერტ სესილი (სამხრეთ აფრიკა): არ მინდა, თავი შეგაწყინოთ, ბატონებო, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ვეთანხმები ბატონი ნანსენის ლაზათიანად ჩამოყალიბებულ აზრს. მის სიტყვებს აღარ გავიმეორებ, მხოლოდ პატარა დეტალს დავამატებ: თუ ქვეყნების ერთა ლიგაში მიღების საკითხს განვიხილავთ მეათე მუხლის გათვალისწინებით და ვიტყვით, რომ ხშირად საომარ მოქმედებებში ჩართვა პრობლემას ქმნის, უცნაური იქნება, რატომ გაგვახსენდა ეს გარემოება მხოლოდ ახლა. თქვენ გვეკითხებით: „მზად ხართ, რომ გაილაშქროთ ამ პატარა ერების გადასარჩენად?“ იცით რა?! მე არც იმ ქვეყნების დასახმარებლად ვარ მზად, რომელიც გუშინ უპრობლემოდ მივიღეთ ერთა ლიგაში. სამხრეთ აფრიკა ერთ ჯარისკაცსაც ვერ გაგზავნის ბულგარეთის, ავსტრიის, ლუქსემბურგის ან კოსტა რიკის დასახმარებლად, თუმცა ისინი მაინც ერთა ლიგაში არიან. გამოდის, რომ კონკრეტულ შემთხვევებში პასუხისმგებლობებს გავურბივართ, რითაც კი არ ვაძლიერებთ, ვასუსტებთ ერთა ლიგას და საფრთხეს ვუქმნით მის მომავალს. ამ პატარა ერებს სრული უფლება აქვთ, იყვნენ თავისუფალნი და უარი არ უნდა ვუთხრათ მიღებაზე.

ფიშერი (ბრიტანეთი): ბატონო პრეზიდენტო, მჯერა, ამ ორი უნაკლო სიტყვის მოსმენის შემდეგ, საბჭო გადახედავს კომიტეტის საბოლოო დასკვნას და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს აუცილებელია, რადგან კომიტეტმა სრული სიმპათიით განიხილა აპლიკანტი ქვეყნების სიტუაციები და მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე. ეს დასკვნა ერთნაირი იყო როგორც ბალტიის ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის. შესაბამისად, ვერ ვხედავ არსობრივ და ადეკვატურ მოსაზრებას, თუ რატომ უნდა გავმიჯნოთ ეს ერი ბალტიის ქვეყნებისგან. საქართველოს მართლაც უფრო ძველი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს; მას მართლაც ყოფს რუსეთისგან ბუნებრივი საზღვარი; ის მართლაც ახლოსაა სომხეთთან… და ბატონ ნანსენსს არ მოუყვანია არცერთი არგუმენტი, რომელსაც ფაქტები არ უმაგრებს ზურგს.

თუმცა, არც მისი ნათქვამი და არც ლორდ რობერტ სესილის სიტყვები არ აქარწყლებს საბჭოს არგუმენტებს, რომლებიც ასე კარგად ჩამოაყალიბა ბატონმა ვივიანმა. თუ სერიოზულად ვეპყრობით ერთა ლიგას, მის პაქტსაც ასევე უნდა მოვეპყროთ; და თუკი პაქტს ვეპყრობით სერიოზულად, მაშინ უნდა დავფიქრდეთ ჩვენს ვალდებულებებზეც, რომლებსაც მეათე მუხლი გვაკისრებს. სწორედ იმიტომ, რომ სერიოზული დამოკიდებულება მაქვს პაქტის მიმართ, გულწრფელად ვთხოვ საბჭოს დელეგატებს ერთი რამის გათვალისწინებას კენჭისყრისას: მზად არიან თუ არა, რომ აიღონ პასუხისმგებლობა და საჭიროებისას საკუთარ მთავრობებს მოუწოდონ დამხმარე ძალების გაგზავნისკენ რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ არა როგორც მგრძნობიარე ადამიანებმა, არამედ როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო მოღვაწეებმა.

ცხადია, არ ვამბობ, რომ საქართველოს უარი უნდა ვუთხრათ. შეხედეთ, რას გვთავაზობს კომიტეტის დასკვნა ‒ მხოლოდ განხილვის გადადებას. ათი თვის შემდეგ ისევ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ საქართველოს საკითხზე. ამ ეტაპზე ლიგა ისედაც ძალიან ახალგაზრდაა, ჯერ მხოლოდ ნიადაგს ვსინჯავთ ფეხისგულებით. დაუფიქრებელ რისკზე ახლა ვერ წავალთ, ზუსტად იმიტომ, რომ დაკისრებული მოვალეობები მომავალში პირნათლად შევასრულოთ. თქვენი აზრით, სასიკეთო იქნება ისეთი დაპირებების გაცემა, რომლებსაც ვერ შევასრულებთ? შეიძლება მსჯელობისას ზედმეტად შორს მივდივართ, მაგრამ მინდა, ვკითხო საბჭოს წევრებს: არსებობს კი რაიმე სერიოზული მიზეზი, რომ საქართველოს შემთხვევაში არ გავითვალისწინოთ ბალტიის ქვეყნების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება? პირადად მე ასეთ რამეს ვერ ვხედავ. შესაბამისად, ბატონი ნანსენისა და ლორდ რობერტ სესილის მიმართ უდიდესი სიმპათიების მიუხედავად, მათ მოსაზრებებს ვერ გავიზიარებ.

ნანსენი (ნორვეგია): ვწუხვარ, მაგრამ ვერ დავეთანხმები ბრიტანეთის წარმომადგენელს. ვშიშობ, რომ თუ ამ ლოგიკით გავაგრძელებთ მსჯელობას ქვეყნების მიღებაზე, საბოლოო ჯამში, ვერცერთ ქვეყანას ვერ მივიღებთ.

საქართველოსთვის უარის თქმა გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი ერთა ლიგაში გაწევრიანება. ვფიქრობ, თუ ამ პატარა ქვეყანას, რომელიც ერთა ლიგას დახმარებას სთხოვს, უარს ვეტყვით, ის ნამდვილად არამეგობარი ქვეყნის მკლავებში მოექცევა. ასეთ შემთხვევაში, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავაძლიეროთ სამხედრო დანაყოფები სამყაროს ამ ნაწილში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვასუსტებთ ერთა ლიგას, როდესაც უარს ვეუბნებით ქვეყნებს მიღებაზე, საკმარისი მიზეზის გარეშე.

საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებას ხმა მისცა 23-მა
სახელმწიფომ
მომხრე ‒ 10
წინააღმდეგი ‒ 13
თავი შეიკავა ‒ 19
სადისკუსიო სივრცეში შუქი ქრება. ბნელ სცენაზე ისმის მხოლოდ მთხრობელის ხმა.

მთხრობელი: ერთა ლიგა ის ინსტიტუცია უნდა ყოფილიყო, რომელიც პარიზის სამშვიდობო კონფერენციის დადგენილებებს გაამყარებდა და ახალ წესრიგს შექმნიდა, თუმცა განსხვავებულმა მისწრაფებებმა ამ პროცესზეც იქონია გავლენა: ბრიტანეთმა კავკასიის მიმართ ინტერესი დაკარგა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა და ნავთობის საბადოებზე ხელი აღარ მიუწვდებოდა. შესაბამისად, მისთვის გამოუსადეგარი გახდა საქართველოც, რომელსაც არც მძლავრი საგარეო პოლიტიკა ჰქონდა, არც მჭიდრო კავშირები, და არც პროფესიონალი დიპლომატები ჰყავდა.

ერთა ლიგის პლენარულ სხდომაზე ბრიტანეთი და საფრანგეთი მუდმივად აპელირებდნენ ორგანიზაციის სისუსტესა და ახალგაზრდა ასაკზე. ამერიკის გარეშე ერთა ლიგაში ყველაზე ძლიერ ძალებად ზუსტად ეს ორი ქვეყანა მიიჩნეოდა. შესაბამისად, მეათე მუხლის ამუშავების შემთხვევაში, ძირითადი ზეწოლა მათზე მოვიდოდა, ბოლშევიკური რუსეთის ირგვლივ კი ყველა ქვეყანას ემუქრებოდა საფრთხე. საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ ბევრი რამ გადაწყვიტა. დასუსტებულ იმპერიებს არ სურდათ დამატებითი პასუხისმგებლობების აღება. თუმცა, რეალურად, 1920 წლისთვის ბოლშევიკური ხელისუფლება, თავისი წითელი არმიით, არც ისეთი ძლიერი იყო. აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ, ეს საქართველოსა და წითელი არმიის პირველ შეტაკებაშიც გამოჩნდა ‒ ბოლშევიკურმა ჯარმა წინ ვერ წაიწია… და ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არ იცოდა ბრიტანეთმა.

კარლო ჩხეიძე: ბრიტანეთი სავაჭრო გარიგებებს დებდა ბოლშევიკებთან!

ნოე ჟორდანია: აქ მოხდა ბოლშევიკური და ბურჟუაზიული იმპერიალიზმის შეთქმულება თავისუფალი ერის წინააღმდეგ.

კარლო ჩხეიძე: საფრანგეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობა არ არის წინააღმდეგი, რომ კერძო პირებს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდეთ საბჭოთა რუსეთთან. ვინც იცის ამ საკითხზე საფრანგეთის უწინდელი პოზიცია, უნდა აღიაროს, რომ ასეთი განცხადება მეტად სიმპტომატურია.

უნდა აღიაროს!

უნდა აღიაროს!

ისევ ქვეყნების ზონა ნათდება.

საფრანგეთი: ჩვენ ვიომეთ. წინა საუკუნის განმავლობაში გერმანიამ ორჯერ დაგვამარცხა, შეგვარცხვინა, პარიზშიც კი შემოვიდა და აქ დადო ხელშეკრულება ჩვენი ტერიტორიების მიტაცების შესახებ.

საფრანგეთი აუღელვებლად იმეორებს:
ჩვენ ვიომეთ. გავიმარჯვეთ. სისხლი დავღვარეთ. მეტის დაღვრა აღარ შეგვიძლია.
ჩვენ ვიომეთ. გავიმარჯვეთ. სისხლი დავღვარეთ. მეტის დაღვრა აღარ შეგვიძლია.
ჩვენ ვიომეთ. გავიმარჯვეთ. სისხლი დავღვარეთ. მეტის დაღვრა აღარ შეგვიძლია.
შუქი ‒ მარჯვნივ

კარლო ჩხეიძე: ჩვენ ვიცით, რომ ინგლისის მთავრობა ძალიან ცდილობს რუსეთთან ვაჭრობის აღდგენას.

დიდი ბრიტანეთი: ომის შემდეგ ხალხს დავპირდით ეკონომიკურ განვითარებას და სისხლისღვრის შეწყვეტას. სიტყვას ვერ გავტეხთ.

კარლო ჩხეიძე: საყურადღებო ის არის, რომ ამ საკითხში ინგლისის მთავრობას თანაუგრძნობდნენ არა მარტო ქვეყნის ფინანსური წრეები, არამედ მთლიანი საზოგადოება. მიზეზი ის არის, რომ რუსეთი, როგორც ნედლი მასალით მდიდარი ქვეყანა, აუცილებელია ინგლისის ინდუსტრიისთვის, ისევე, როგორც საბჭოთა რუსეთს ესაჭიროება ინგლისის ინდუსტრიული ნაწარმი. ამ საკითხს ბოლშევიკები მეტად სერიოზულად უყურებენ ‒ ეს არის ერთადერთი გზა რუსეთის პრობლემის გადასაჭრელად ‒ ისე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობა მოითხოვს. გეგმის განსახორციელებლად, რასაკვირველია, რუსეთის ბოლშევიკებს სჭირდებათ სათანადო გარდაქმნა, ვინაიდან უცხოური კაპიტალი დღევანდელ რუსეთში ვერ შევა და, რომც შევიდეს, ნაყოფს ვერ გამოიღებს. ამრიგად, ბოლშევიკების წინაშე დგას დილემა: ან დაპყრობითი პოლიტიკის წარმოების გაგრძელება, ან ევროპასთან მორიგება და შემოქმედებითი მუშაობის დაწყება. მე ღრმად მწამს, რომ ბოლშევიკები მზად არიან...

ნოე ჟორდანია: ერთა ლიგის სხდომაზე დაგვპირდნენ, რომ 10 თვეში ჩვენს საკითხს ისევ განიხილავდნენ. სხდომიდან, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ თბილისში წითელი არმია შემოვიდა.

ნოე ჟორდანია სცენის ცენტრისკენ მიდის, სადაც სხვადასხვა ქვეყანა დგას და ნელ-ნელა ხმას უწევს:

ეს იყო ბოლშევიკური და ბურჟუაზიული იმპერიალიზმის შეთქმულება თავისუფალი ერის წინააღმდეგ!

ეს იყო ბოლშევიკური და ბურჟუაზიული იმპერიალიზმის შეთქმულება თავისუფალი ერის წინააღმდეგ!

ნოე ჟორდანია სცენის ცენტრისკენ მიდის, სადაც სხვადასხვა ქვეყანა დგას. ნელ-ნელა ცენტრიც ნათდება. ქვეყნები ესალმებიან. სცენის მარჯვნივ შუქი ქრება. საფრანგეთი გადახვევს ხელს და სცენიდან გაიყვანს. ჟორდანია უკან იხედება, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევს, მისი ჯიბიდან წერილები იყრება. ამ დროს ირთვება John Cale-ის სიმღერა ‒ „Paris 1919“. სცენაზე გამოდის ქალი, საქართველოს პერანგის საყელოს უსწორებს, ნიკაპს აუწევს, მხრებში გამართავს და გადის.

მისამღერისას, როდესაც ისმის „you are a ghost“, ყველა მსახიობი გარბის კულისებისკენ, გამოაქვთ პოლიეთილენის თეთრი პარკები, რიგრიგობით გამორბიან და საქართველოს ტანზე ახვევენ.
სიმღერის დასრულებისას ქრება შუქი, დაბნეული საქართველო კი აჩრდილივით თეთრია.
(დასასრული)


ქავერ ილუსტრაცია: ნინი ბუკია

logos

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა