ზაალ კოკაია ულე ლინდვალის შესახებ
31.01.2016ზაალ კოკაია, 53 წლის, ნეირომეცნიერი, 1990 წლიდან სამეცნიერო კვლევას ეწევა ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი), პროფესორი, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, მკვლევარი, სწავლობს, თუ როგორ შეიძლება ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ტვინის ინსულტით დაქვეითებული ფუნქციების აღდგენა. 25 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში.
დიდი იდეა: 2012 წელს შინია იამანაკას ნობელის პრემია გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის მიხედვითაც 4 გენის აქტივაციით შესაძლებელია, მაგალითად, კანის უჯრედიდან მიიღო ღეროვანი უჯრედი, რომელსაც შესწევს უნარი წარმოქმნას ნებისმიერი ტიპის, მაგალითად, ნერვული უჯრედი.
ულე ლინდვალს პირველად 1990 წლის 11 ოქტომბერს შევხვდი. წინა დღით სამხრეთ შვედეთში, ქალაქ ლუნდში ჩავედი, სადაც 350 წლის წინ დაარსებულ უნივერსიტეტში, ჰისტოლოგიის კათედრაზე 6-თვიანი სტაჟირება უნდა გამევლო. მეორე დღეს უკვე ლაბორატორიაში ვიყავი და ვირთაგვებზე ოპერაციებს ვაკეთებდი, როდესაც ჩემი ხელმძღვანელი, ულე მოვიდა და გამეცნო. ის მაშინ კლინიკაში მუშაობდა და უჯრედული ტრანსპლანტალოგიის კლინიკურ პროგრამას ხელმძღვანელობდა, ანუ პარკინსონიან პაციენტებში ჩანასახის უჯრედების გადანერგვით სიმპტომების გაუმჯობესების შესაძლებლობებს იკვლევდა. ულე ამ დარგში დღეს უკვე მსოფლიოში წამყვანი ექსპერტია და ჩვენი შეხვედრის დროსაც არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდა მიღებული.
ამ დღის მერე 25 წელია გასული. ჩვენ კვლავ ერთად ვმუშაობთ და ვცდილობთ ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შევქმნათ მეთოდი, რომელიც დაეხმარება ტვინის ინსულტიან პაციენტებს, აღიდგინონ დაქვეითებული ფუნქციები. ამ წლების განმავლობაში, ულეს ხელმძღვანელობით მეორე სადოქტორო დისერტაცია უკვე შვედეთში დავიცავი, მისი მხარდაჭერით ჩემი საკუთარი ლაბორატორიაც დავაარსე და დამოუკიდებელ მკვლევრადაც ჩამოვყალიბდი, მაგრამ ჩვენ კვლავ ერთად ვართ. ულესთან თანაავტორობით 100-ზე მეტი სტატია მაქვს გამოქვეყნებული, ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია თანამშრომლობა. ახლაც, როცა იგი პენსიაზე გავიდა და ემერიტუს პროფესორი გახდა, ის ჩემი ლაბორატორიის წევრია და ისევ ერთად ვიკვლევთ, ვწერთ სტატიებს, ახალ ექსპერიმენტებს ვგეგმავთ და ერთად ვწვრთნით ახალგაზრდა მკვლევრებს.
ბევრჯერ მიფიქრია, რატომ შემოვრჩით მე და ულე ერთმანეთს ამდენ ხანს. ალბათ იმიტომ, რომ ბევრ რამეში ერთნაირები ვართ. ორივეს უზომოდ გვიყვარს ჩვენი საქმე, ორივენი ვართ ემოციურები და არასდროს არ ვნებდებით. ორივეს ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ერთობლივი კვლევა ოდესმე კლინიკაში დაინერგოს. ულე უფრო პრაგმატული და თავშეკავებულია პროგნოზებში, უყვარს ყველაფრის დეტალურად დაგეგმვა. ხშირად რამდენიმე წლით ადრეც გეგმავს მომავალს. ასეა თუ ისე, წლების განმავლობაში ჩვენ შორის დამყარდა ის სიმბიოზი, რომლის გარეშეც ორივეს გაგვიძნელდებოდა არსებობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ულესგან ვისწავლე, ახალგაზრდებთან დამოკიდებულებაა. მსოფლიოში უმაღლესი რანგის მკვლევარი რომ არის, ნაკლებ გამოცდილებსა და უფრო ახალგაზრდებს არასდროს აგრძნობინებს. არც ჩვენ შორის დამდგარა ოდესმე პროფესიული ან ასაკობრივი უფროს-უმცროსობის საკითხი. ულე ახალგაზრდას ყოველთვის ბოლომდე უსმენს, აზრის დასაბუთების საშუალებას აძლევს, და ისე აკეთებს, სტუდენტი დამოუკიდებლად მიიყვანოს სწორ დასკვნამდე, არ დააკარგვინოს ენთუზიაზმი და საკუთარი თავის რწმენა. ახლა უკვე მეც იმავეს ვცდილობ ჩემს სტუდენტებთან. ასე ხშირად ვისმენ არაორდინარულ და არასტანდარტულ იდეებს, ზოგჯერ უფრო რისკიანს, მაგრამ ამავდროულად უფრო ორგინალურს, საინტერესოს და, შესაძლოა, უკეთესი შედეგის მომტანსაც კი.
ულე ლინდვალი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ ვხუმრობთ, რომ ერთად უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე საკუთარ ოჯახებთან. მიჭირს იმის გახსენება, თუ როგორი ვიყავი მანამ, სანამ მას შევხვდებოდი და რა შეცვალა მან ჩემს ცხოვრებაში. ალბათ ძალიან ბევრი. ულეს ბრმად შემიძლია ვენდო და ვიცი, რომ თუ დამჭირდება, ჩემს დასახმარებლად შეუძლებელს შეძლებს. დიდი ბედნიერებაა, როცა აკეთებ საყვარელ საქმეს და თან თანამოაზრესთან ერთად, ამიტომაც, მადლიერი ვარ განგების, რომ მან ულე ლინდვალი მომივლინა.