გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თიკო ცომაია ნინო კიკნაძის შესახებ

თიკო ცომაია, 42 წლის. პედიატრი, მკვლევარი, GIPA ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის ლექტორი. ადამიანის უფლებების აქტივისტი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრი, "შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი საქართველოს" თავმჯდომარე.

დროსა და ენერგიას უძღვნის შვილებზე ზრუნვას, სწავლას, ცოდნის გაზიარებას.

დიდი იდეა: კაცობრიობის ისტორია შეცვალა ქრისტემ, როცა გვითხრა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი".

ნინო კიკნაძე რომ არ გამეცნო

ეს გოგო პირველად იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გავიცანი. 2001 წელს იქ პიარად დავიწყე მუშაობა. ნინოს პროკუს ეძახდნენ, ალბათ იმიტომ, რომ იურისტად მუშაობდა და იმიტომაც, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო, ყველაფერს ის აგვარებდა. ზუსტად იცოდა, რა რიცხვში იქნებოდა ჩემი ხელფასი, რამდენი თვის წინ ავიღე ბოლო და კიდევ რამდენი მქონდა ასაღები (ეს ძალიან რთული ამოცანა იყო იმ დროს); მისი ერთი მაისური, წარწერით – „მიაფურთხე გუგლს და შემეკითხე მე“ – ჩემი აზრით, მისთვის შეკერეს: ყველაფერზე აქვს კომპეტენტური პასუხი – მაგალითად: სასურველი პირის ტელეფონის ნომერი, გასაქირავებელი ბინა, უგების წმენდა, კარგი სანტექნიკოსი,  ხელშეკრულების დადება (რა საკითხზეც გინდა), მიწის ნაკვეთის ღირებულება, კარგი სასტუმრო კიევსა თუ ლონდონში, როგორ გავხადო ათასი ლარი 6 თვეში ათას სამასი... პრაღაში რომელი მაღაზიის რომელ დახლზე შევიძინო ჟოლოსფერი ჟაკეტი. 

მალევე გავიცანი ნიკუშა, ნინოს ძმა. ის და ნინო განუყოფელები იყვნენ – უბრალოდ, ერთად მოძრაობდნენ, ნიკუშას დაბადების ტრავმის გამო გადაადგილება უჭირდა, მაგრამ ნინოს გამო ბევრი სიარული უწევდა – ხან სტუმრად, ხან სამსახურში. მალევე ნიკუშა ჩემი მეგობარიც გახდა, იმავდროულად, იყო ნინოს ყველა მეგობრის მეგობარი, მომკითხავი, მომლოცველი და გამაკეთილშობილებელი. ასე მგონია, ნიკუშა ხორცშესხმული ანგელოზი იყო. სანამ ჩვენთან ერთად იყო, ცხოვრების მაგალითს გვიჩვენებდა. 

ზუსტად არ მახსოვს, როდის დაიწყო ნინომ პალიატიური სერვისების განვითარებაზე სოროსის ფონდის დახმარებით მუშაობა. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში პირველი ბავშვთა პალიატიური ცენტრი ძალიან მალე ამოქმედდება და ის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. იმიტომ, რომ მას ნინო კიკნაძე სიყვარულით აკეთებს!

თუ თქვენ ხართ რომელიმე მცირე, საშუალო ან დიდი ბიზნესის წარმომადგენელი, ან მუშაობთ რომელიმე სამშენებლო კომპანიაში, ან საერთოდ სადმე თუ ხართ, იცოდეთ, რომ ნინო კიკნაძე მოგძებნით და მოგცემთ საშუალებას, დაეხმაროთ იმ ბავშვებს, რომლებსაც მძიმე დაავადებები აქვთ. ნინო აგიხსნით, რომ პალიატიური ცენტრის გახსნა აუცილებელია, რომ ამ ბავშვებმა მსუბუქად, ტკივილის გარეშე გადაინაცვლონ სხვა სამყაროში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა