შედედებული ღამეები | ალექს ჩიღვინაძე
15.04.2019 | 5 წუთიანი საკითხავიროცა ჩამავალი მზე ალმაცერად ანათებს დაღუპული გმირების მემორიალს, ტრანსპორტის წყვეტილი ჯაჭვი სიბნელეში მანათობელ ქვეწარმავლად ერთიანდება. ის ძვრება კომფორტულ და ცივ ბინებად დანაწევრებულ ღამეში. როცა გაჭედილ ავტობუსებში წვიმები ეხლებიან ოფლიან, მტვრიან სახეებს, ალბათ ვიღაც საცობში გაჭედილი ფიქრობს: თითქოს გმირთა მოედანზე ყველაფერია სიცოცხლისთვის – მდინარე და სანაპირო ზოლი, ზოოპარკი და ცირკი, მოედანი და მემორიალი ამ მოედანზე, აბრეშუმის ქარხანა და თეატრი ამ ქარხანაში, აუზი და რესტორნები, ფრანგული გასაჭიმი ჭერი და ვარსკვლავებიანი ცის კომპოზიცია, დაბადების დღის ცენტრები და ტელევიზია, მოხატული გვირაბები და ხიდები, მაგრამ ადამიანს ფეხით ვერ გაუვლია.
იქ, სადაც სადღესასწაულო დეკორაციების მიღმა ყოველთვის ქვიშით სავსე ტომრებია, იქ, სადაც მოედანზე მდგარი ნაძვის ხის პაროდიის შიგნითაც ტომრებია, ბინძური, ოკუპირებული მიწით სავსე, სანტას ხელოვნური წვერი კი ყოველთვის თამბაქოს სუნად ყარს, რადგან ის გიჟივით ეწევა შესვენებაზე ანორექსიკ ირმებთან ერთად და დილით ისეთი ლამაზი ამბები ხდება ქალაქში: ქურთი მეეზოვეები საზოგადოებრივ ტუალეტებში ცეკვავენ, ბეღურები ნარწყევის ტბასთან დაძაბულად ხტუნავენ, მეგრელი მიმტანი გოგოები ასობით შანდალს თეთრ სანთლებს ამაგრებენ, რომლებიც ახალი ქართველებით სავსე დარბაზში უნდა აანთონ და გაჭვარტლული თბილისიდან კი დათოვლილი მთები მოჩანს, შორს, რაღაცნაირ იმედად თუ პირიქით ნიშნისმოგებად, სიმშვიდედ, თუ მინიშნებად სიმშვიდეზე.
* * *
მე რომ ისტორიის მასწავლებელი ვიყო, პირველ გაკვეთილზე ბავშვებს გმირთა მოედანზე წავიყვანდი. ცოტა საშიში ექსკურსია კი გამოგვივიდოდა, რადგან აქ ფეხით მოსიარულეები დიდი რისკის ქვეშ არიან, მაგრამ ვინ თქვა, რომ ცოდნის მიღება უსაფრთხო პროცესია. დავაყენებდი ბავშვებს მანქანების შავ კვამლში, ღმუილში და ვეტყოდი: აი, ბავშვებო, ეს არის საქართველო. ხედავთ იმ სვეტს? – ეს დაღუპული გმირების მემორიალია, გეგონება, დაღუპულის გარდა სხვანაირი გმირებიც არსებოდნენ. აი, ამ გმირების სახელები, ისევე, როგორც ჩვენ, ცოცხლები, ცირკსა და ზოოპარკს, გაპარტახებულ ქარხანასა და საბჭოთა ტრადიციების ერთგულ ტელევიზიას შორის ვართ მოქცეულები – მეტიც, საქართველოს მთელი უახლესი ისტორია ცირკია და მეტის ცოდნა არც გჭირდებათ.
* * *
ქორეოგრაფი რომ ვიყო, დავდგამდი ბალეტს თბილისის 2015 წლის წყალდიდობაზე, თავსხმა წვიმა, ჭექა-ქუხილი, მკვდრეთით დამარხული მდინარე ანგრევს ჯებირებს და გამორბიან ცხოველები ზოოპარკიდან: ლომები ზებრაზე გაწოლილან, ზებრები გეპეის წინ, ლომები მერიის წინ მადისაღმძვრელ ჩინოვნიკებს აკვირდებიან, სუპერმარკეტში დათვები დასეირნობენ, ტელევიზიაში ტახები, ავაზები ბარნოვზე და გამთენიისას ჩნდება „სპეცნაზი“.
* * *
გმირთა მონუმენტის გარშემო საავტომობილო ესტაკადის მოაჯირზე ყვავილებით და ქართული მიწით სავსე მწვანე ქოთნებია მიმაგრებული, რომელთაც დროდადრო რწყავენ და ესტაკადის ქვეშ ასფალტი ბინძური წყლით იწინწკლება, როგორც დამარხული მდინარის შესანდობარი, დიდი წყლის ნესტიან სასაფლაოზე.
როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, „აქ არის 4000 გმირის სახელი. აქ არის ბევრი ცარიელი ადგილი და ვისურვებდი, რომ აქ გვარები არ დაემატოს, მაგრამ თუ გვინდა, რომ არსებობდეს საქართველო, ყველანი უნდა ვიყოთ მზად, ჩავიცვათ ფორმა; უნდა ვიყოთ მზად, გადამწყვეტ მომენტში ავიღოთ ხელში იარაღი და ყველანი უნდა ვიყოთ მზად, დავეცეთ ჩვენს მიწაზე და ჩვენი სახელები დაეწეროს მონუმენტის ცარიელ ადგილებზე – „მე სხვანაირი დედა ვარ, სიკვდილო, შვილი გაგიზარდე“.
* * *
გმირების მონუმენტის გარშემო მანქანები დღისით მხოლოდ საცობში და ღამით სექსმუშაკებთან გასაუბრებისთვის ჩერდებიან. სხვა მხრივ აქ სულ მოძრაობაა. სატრანსპორტო კვანძი – მსხვილი და მყრალი. ადამიანებს აქ თითქმის ვერ ნახავ, მიწისქვეშა გადასასვლელებიც ცარიელია, რომელთა კედლებიც მერმა სულ რჩეულ სტრიტარტისტებს მოახატვინა. მათით მხოლოდ ისინი სარგებლობენ, ვისაც სხვა გზა არ აქვს, ვისაც გზაზე სიკვდილი არ უნდა.
* * *
ახალი გზით წავიდეთ? – კითხულობენ ტაქსისტები.