გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლევან ბუთხუზი პოლ სალოპეკის შესახებ

ლევან ბუთხუზი, ბიოლოგი - ველური ბუნების სპეციალისტი. ჟურნალ "National Geographic საქართველოს" მთავარი რედაქტორი. ბოლო პერიოდში აკადემიური სამეცნიერო კარიერიდან (ქცევათმეცნიერება და ნეირობიოლოგია) გადაინაცვლა მეცნიერების კომუნიკაციის სფეროში. ცხოვრებისა და ენერგიის დიდ ნაწილს უძღვნის მოგზაურობასა და მეცნიერების პოპულარიზაციას ჟურნალის გამოცემის, აგრეთვე ამ სფეროს ვებპორტალების განვითარების, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის გამოყენებისა და სამეცნიერო საკითხებზე რეგულარული საჯარო ლექციების მოწყობის გზით.

დიდი იდეა: 1859 წლის 24 ნოემბერს ჩარლზ დარვინი აქვეყნებს ნაშრომს სახეობათა წარმოშობის შესახებ. უკვე 1859 წლის 25 ნოემბერს სამყარო (და არა მხოლოდ მსოფლიო) აღარ არის ისეთი, როგორსაც მას კაცობრიობა წინა დღემდე იცნობდა.

 ჩვენი მოუსვენარი გენები

2014 წელს National Geographic-ის ორმოცივე ადგილობრივმა ოფისმა მივიღეთ „ცირკულარი“ – სათავო გამოცემა აპირებს ვინმე პოლ სალოპეკის მოგზაურობის პერიოდულ ბეჭდვას და, თუ ადგილობრივი ჟურნალებისთვის გაინტერესებთ, ახლავე დაადასტურეთ, რომ მასალები გამოგიგზავნოთ სათარგმნადო. პოლის იდეა მარტივია – ფეხით უნდა გაიაროს ჩვენი სახეობის, ადამიანის, განსახლების ძირითადი მარშრუტი დედამიწის გარშემო. დაიწყო ფეხით მოგზაურობა კენიიდან (Homo Sapience-ის წარმოშობის ცენტრიდან) და მიჰყვება დადგენილ მარშრუტს ყველა კონტინენტზე. მოგზაურობა შვიდ წელს გასტანს. მე, როგორც ევოლუციონისტი და მოგზაური, გულგრილი ვერ დავრჩი. დავიწყეთ მოგზაურობის ამსახველი სტატიების გამოქვეყნება. მესამე სტატიაზე მივხვდი, რომ ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები, არის ცოცხალი ლეგენდა!

2015 წელი. ზარი ოფისში. მეგობარი მეუბნება: „ლევან, ვიღაც ტიპია გაჭედილი თურქეთის საზღვარზე, გეძებს, ვერ გიკავშირდება, ამბობს, რომ „ჯეოგრაფიკიდანაა“ და ვირის შემოყვანა უნდა საქართველოში“. მიჩვეული ვარ ასეთ ზარებს. ვეუბნები: „ლია, ყველა გამვლელი იბრალებს „ჯეოგრაფიკელობას“, შეხვედრისას კი აღმოჩნდება, რომ შარლატანია.

დილა. შემოდის თათა, ჩვენი გამომცემელი. „ლევან, ვიღაც კაცია დათო ლორთქიფანიძესთან კაბინეტში, გეძებს. ვირის პრობლემა აქვს“. რა მექნა?! წავედი დათოსთან. ზღურბლზე ყბა ჩამომივარდა. ადამიანი, რომელსაც ფოტოებით ვიცნობდი, ადამიანი ლეგენდა, ჩემ წინ იჯდა – პოლ სალოპეკი! პულიტცერის პრემიის ლაურეატი, „ჯეოგრაფიკის“ მწერალი-ბიოლოგი, ათამდე წამყვანი გამოცემის კონტრიბუტორი, კრიმინალური გეოპოლიტიკის გაშუქებისთვის სუდანში სიკვდილმისჯილი და გამოქცეული, დოკუმენტალისტი, რომელიც ISIS-მა დაატყვევა და მათაც თითქმის ეშაფოტიდან გამოექცა, ახლა საქართველოშია და ჩემ წინ ზის!

ჩემი ახალი მასწავლებელი. ამოუწურავი სიბრძნე და მისი ჟინი, იაროს, გაიმეოროს კაცობრიობის გზა და ახალ კულტურებს გაეცნოს, თავბრუს მახვევდა.

პოლს საქართველოში არ უნდა „შემოევლო“. სირიიდან თურქეთში გასული ირანით უნდა წასულიყო ცენტრალური აზიის გადასაკვეთად. მოგზაურობას ჩვევია გაუთვალისწინებელი ამბები და მარშრუტს გადაუხვია. მის თანმხლებ ვირს კი ვეტერინარული კარანტინი არ ჰქონდა გავლილი და საქართველოს ვიზა არ მისცეს.

უშუალო, ღრმა, კომუნიკაბელური, მოკრძალებული, დაუზარელი, მეგობრული... ჩემი ახალი მასწავლებელი. ამოუწურავი სიბრძნე და მისი ჟინი, იაროს, გაიმეოროს კაცობრიობის გზა და ახალ კულტურებს გაეცნოს, თავბრუს მახვევდა. 40-ზე მეტ ქვეყანაში მიმოგზაურია. ქაოტურად, სპონტანურად. მივხვდი, რომ ეს მკვლევრისთვის კარგია, მაგრამ რაღაც აკლია. აკლია მიზანი, რომელიც და ვინჩის ცნობილი ვარსკვლავივით ცაზე ჰკიდია, რომელსაც უყურებ, მისკენ მიდიხარ და გზად ქვეყნებსა და კულტურებს კვეთ. მდიდრდები და მონათხრობით სხვას ამდიდრებ. 1001 ღამის მსგავს ეპიკურ უწყვეტ ამბავს ჰყვები!

მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება აღარ არის ის, რაც პოლთან შეხვედრამდე იყო. მივხვდი, რომ ჩემს, თქვენს და პოლის მოუსვენარ გენს, რომელიც სულ წინ გვიბიძგებს, უნდა კონკრეტული მიზანი დაუსახო და კალაპოტი მისცე. რომ უნდა გქონდეს ხედვა – საით მიდიხარ, თუ გინდა, რომ სადმე მოხვდე.

მიზნის მნიშვნელობა ყოველთვის ვიცოდი. ცოდნა ერთია და გასიგრძეგანება მეორე. ცხადად ჩამომიყალიბდა ბლოკის სიტყვების ჭეშმარიტება: თუ რამე ძალიან გინდა, აუცილებლად ახდება, რადგან სამყარო დაირაზმება შენ გვერდით. თუ ახდა სხვა რამ, იმედგაცრუება მოჩვენებითია, რადგან ახდა ზუსტად ის, რაც გინდოდა.

მეც ვგეგმავ ჩემს მოგზაურობას ძალიან კონკრეტული მიზნით, ძალიან კონკრეტული ხედვით! იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ჩემი 1001 ღამეც დაიწყება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა