მწერთა მწერალი
ჩვენ, ვისაც თავი სამყაროს გვირგვინად მიგვაჩნია და ევოლუციური განვითარების კენწეროდან ამაყად ჩამოვყურებთ „მდაბიო“ ბიოლოგიურ ერთეულებს, წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა ხდება პლანეტაზე. ასეც შეიძლება შეიკუმშოს ბერნარ ვერბერის მხატვრული ჩანაფიქრი „ჭიანჭველებში“.
მართალია, დღეს ანთროპომორფული პერსონაჟები არ უნდა გვიკვირდეს, ბოლოსდაბოლოს, ეზოპეს და კრილოვს სკოლებშიც ასწავლიან, მაგრამ „ჭიანჭველები“ ამ მიმართულებაშიც განსაკუთრებულ გამოხატვის ფორმას გვთავაზობს. იგავ-არაკებში ანდაც ზღაპრებში ცხოველები ან მწერები ერთგვარი აბსტრაჰირებისთვისაა, ადამიანის შინაგანი სამყარო უფრო ზუსტად რომ აღიწეროს. ვერბერის მხატვრული მეთოდი საპირისპიროა: მას სწორედ მწერების სამყარო აინტერესებს. და თუ ამ მწერებს ადამიანების ფუნქციები და გრძნობები აქვთ მინიჭებული, ეს ისევ და ისევ მათ უფრო ცხადად წარმოჩენას ემსახურება. თუმცა, ვერბერი პირველი არ ყოფილა. მას ჰყავს წინაპარი რიჩარდ ადამსის სახით, მის რომანში „უოთერშიპის დაბლობი“, კურდღლების ცხოვრებაა აღწერილი მსგავსი ხერხით.
ვერბერმა წლები შეალია ჭიანჭველების ცხოვრებისა და ქცევის მოდელების შესწავლას. ასევე წლები მოანდომა დიდი ტრილოგიის დაწერას, რომელიც სამეცნიერო-პოპულარული და მხატვრული კონცეფციების ძალიან რაფინირებული სინთეზია.
ჭიანჭველები, აღმოჩნდა, რომ ყველაზე სოციალური, ორგანიზებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახეობაა დედამიწაზე.
საათივით აწყობილი სამხედრო ინფრასტრუქტურა, ზემკაცრი სტრუქტურული იერარქია, ეფექტიანი ბიუროკრატიული აპარატი ‒ არა, ამჯერად გაბრწყინებულ ქართულ სახელმწიფოზე არაა საუბარი, საუბარია ჭიანჭველების სოციალურ მოწყობაზე.
გენდერული კვოტები ჭიანჭველებს არ დასჭირდებოდათ. მათ ისედაც გაქანებული ფემინიზმი აქვთ თავიანთ იმპერიაში. რაც მთავარია, ჰყავთ დიდი ძალაუფლების მქონე დედოფალი, რომელიც, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პერიოდულად გაუგებარ „სფიჩებს“ მოსცხებს ხოლმე. არ ვიცი, რატომ გამახსენდა გაეროში ეკა ბესელიას გამოსვლა. არაფერ შუაშია, ცხადია. გადაღლილი ვარ, უბრალოდ.
ჩემგან განსხვავებით, გადაღლას მამრი ჭიანჭველები არასდროს უჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დიდ ჯაფაში არიან. თავდაცვითი თუ თავდასხმითი სტრატეგიები და ომები მთლიანად მათ კისერზეა, ამიტომაც, ძირითადად, იხოცებიან ან სამუდამოდ რჩებიან შშმჭ-ებად (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჭიანჭველა), მაგრამ მათ დედოფალს ნერვიულობის ბევრს ვერაფერს შეატყობთ ‒ კაცი ჭიანჭველა დაილია?!
თუმცა, განზოგადება ყოველთვის სწორ დასკვნამდე ვერ მიგვიყვანს. რეალურად, ჭიანჭველები თანალმობის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევიან:
„ყველა ჭიანჭველას მუცელში აქვს ერთგვარი ჯიბე, მეორადი მუცელივით, რომელიც საკვებს არ გადაამუშავებს. ეს სოციალური საჭიროებისთვის განკუთვნილი ჩიჩახვია. იქ ინახება გადაუმუშავებელი საკვები, სრულიად ახალი, ხელშეუხებელი სახით. ჭიანჭველას შეუძლია მისი გადატანა „ჩვეულებრივ მუცელში“, სადაც ის მას გადაამუშავებს, ან ამოანთხევს და მშიერ მოძმეს დააპურებს“.
ადამიანებს და ჭიანჭველებს, მართალია, ძალიან იდენტური სოციალური წყობა აქვთ, მაგრამ მათი მთავარი საკომუნიკაციო ელემენტი ‒ ენა ‒ განსხვავებულია.
ძალიან უცნაური კია, მაგრამ ჩვენ ქვემოთ ფუთფუთებს ცივილიზაცია, რომელიც ჩვენზე გაცილებით ორგანიზებული, კულტურული და ემპათიურია. ვნახოთ, იქნებ მაშინ მაინც შევძლოთ ადამიანებმა თანალმობის ასეთი შედეგის მიღწევა, როცა მაღალი ტექნოლოგიების მამები სინთეტიკურ რობოტებად გარდაგვქმნიან. მანამდეც ღირს ცდა, ცხადია.
მთავარი მაინც სხვაა: მიუხედავად იმისა, რომ რომანს „ჭიანჭველები“ ჰქვია და მასში ათასობით ჭიანჭველა მონაწილეობს, ვერბერი წინათქმაშივე აღნიშნავს, რომ ეს წიგნი ჭიანჭველებზე კი არა, კომუნიკაციის შეუძლებლობაზეა. ადამიანებს და ჭიანჭველებს, მართალია, ძალიან იდენტური სოციალური წყობა აქვთ, მაგრამ მათი მთავარი საკომუნიკაციო ელემენტი ‒ ენა ‒ განსხვავებულია. მწერებში ენის ფუნქციას ფერომონები ასრულებს. ესაა სუნის ენა. ამ ჰორმონის (ფერომონის) გამოყოფით ჭიანჭველები ერთმანეთს აგებინებენ, თუ რა სურთ, ან არ სურთ.
იმისათვის, რომ ადამიანებმა და ჭიანჭველებმა ერთმანეთის ენა გაიგონ, საჭიროა ისეთი კონვერტორი პროგრამის შექმნა, რომელიც ფერომონებს გარდაქმნის ანბანურ სისტემად და პირუკუ. რომანში (მცირე „სპოილერი“ მეპატიება) ჩანს, რომ ასეთი სისტემა მართლაც შექმნა მეცნიერმა-პერსონაჟმა და ნაწარმოების ბოლოსკენ ამ კონვერტორი პროგრამის მეშვეობით კომუნიკაცია იჩარხება. მაგრამ შემდეგ ჩიხში შედის და ამ ჩიხის ბოლოს, რასაკვირველია, ადამიანის სისხლიანი აჩრდილი დგას: სიუჟეტი გვარწმუნებს, რომ ადამიანს არ აქვს უნარი, უცხო ცივილიზაციას ეკონტაქტოს, ვინაიდან (რა საჭიროა თავის მოტყუება), ენტომოლოგია გვერდზე რომ გადავდოთ, ნებისმიერ სხვა ცივილიზაციასთან ჩვენი კონტაქტი ტკივილის, ტანჯვისა და სისხლის მომტანი იქნება მხოლოდ.
სულაც არ მინდა, „ჭიანჭველების“ ჟანრს ავცდეთ, ის არც ტრაგედიაა და არც დრამა, თუმცა, შიგნით ერთიც და მეორეც იმდენია, ბარეორ ანტიკურ დრამატურგს დაუკარგავდა მოსვენებას. თემატურადაც მრავალშრიანია ‒ სიყვარული გინდათ? არის. ეროტიკა, უფრო სწორად, მწეროტიკა? ეგეც უხვად. ერთი სიტყვით, ვინც მხოლოდ ენტომოლოგიურ პასაჟებს ელის, კარგი გაგებით, იმედი გაუცრუვდება.