მინიმალურ ხელფასზე მეტი საარსებო მინიმუმი | ნაჯა ორაშვილი
ნაჯა ორაშვილი
კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი
15 წლიდან ვშრომობ და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ყველანაირი უთანასწორო შრომითი ურთიერთობა, მათ შორის, გენდერული ნიშნით ნაკლები ანაზღაურება. ამიტომ დღეს, ბევრ რამეს განსხვავებულად ვაფასებ.
შრომით უფლებებზე თავიდანვე მეტი ცოდნა და მგრძნობელობა რომ მქონოდა, სხვანაირად ვიმოქმედებდი – როგორც დასაქმებული და როგორც დამსაქმებელიც.
მე მუდმივად იმ საზღვრის წაშლას ვცდილობ, რაც ორ მხარეს ერთმანეთის მოწინააღმდეგედ აქცევს. და გულწრფელად მჯერა, რომ წარმატებას მხოლოდ ბევრი ადამია ნის ერთობლივი შრომით აღწევ. უბრალოდ, ხდება ისეც, რომ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი პატარა წარმატების შემდეგ მოპოვებული პრივილეგიებით ტკბობას იწყებს, წარმატებას თანამშრომლებს არ უყოფს და სხვისი შრომის ხარჯზე აგროვებს სიმდიდრეს. სწორედ აქედან იწყება უთანასწორობა.
ჩემმა გამოცდილებამ ისიც მაჩვენა, რომ დამსაქმებელს ნამდვილად უპირატესი უფლებები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ როლში ყოფნა, თან ძალიან მძიმე ტვირთიცაა.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი მინიმალურ ხელფასზე მეტია და სადაც უმთავრესი, ინვესტორის ინტერესი და მისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა.
საკლუბო სფეროში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნება. ამ სივრცეებში მუშაობა ზოგჯერ მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
უმრავლესობა ღამის ცვლაში მუშაობს, სამუშაო 3-6-საათიანი ცვლის განრიგით გვაქვს განსაზღვრული, ანაზღაურება საათში 6.25 ლარიდან - 30 ლარამდე მერყეობს. ჩვენ ვანაზღაურებთ ზეგანაკვეთურ შრომას და დანერგილი გვაქვს ბონუსების სისტემაც. დასაქმებული პირები ბარში ლიმიტირებული უფასო ალკოჰოლური სასმელით და ღამეზე დასასწრები მოსაწვევებითაც სარგებლობენ. უმრავლესობას ჯანმრთელობის პრემიუმ დაზღვევით უზრუნველვყოფთ. ვუწყობთ ხელს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის. შრომითი პირობების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი საკითხია ქვეყანაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს სფეროს მაღალი სიცოცხლისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა ჯერჯერობით არ გააჩნია.
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
გირჩევთ
ყვითელი, ცისფერი, შავი
05.04.2017