დიდი გასეირნება (სტატისტიკიდან)
28.10.2016
ქართველ რესტორატორებსა და შეფმზარეულებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ადგილობრივი მომხმარებლები დიდი ეჭვის თვალით უყურებენ ახალ და უცნობსახელებიან კერძებს და მათი ეგზოტიკური არჩევანის მაქსიმუმი, უმეტესწილად, სალათი ცეზარია.
ეს გარემოება, სხვა არაერთი ფართომასშტაბიანი ეროვნული გამოკითხვის შედეგებსა და რეალურ დროში მომხდარი დისკრიმინაციის ფაქტებთან ერთად, იმას მიუთითებს, რომ ჩვენთან უცხოს, ზოგადად, არ სწყალობენ.
ასე მაგალითად, CRRC-ის Caucasus Barometer-ის 2015 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღები მხოლოდ ისაა, რომ ქართველი ქალი ქართველს გაჰყვეს ცოლად. შესამჩნევ გამონაკლისს კვლევაში ამერიკელები და იტალიელები წარმოადგენენ – მხოლოდ 51% აცხადებს უარს ქართველი ქალისა და ამ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ქორწინებაზე, თუმცა კიდევ უფრო თვალშისაცემი გამონაკლისი უკრაინელები და რუსები არიან: გამოკითხულთა უფრო მეტი ნაწილია მზად, ქართველი მათთან დააქორწინოს (48%), ვიდრე არ დააქორწინოს (45% და 46%, შესაბამისად). ასევე, დიდ უმრავლესობას არ სურს, სხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხმაც იმავე უფლებებით რომ ისარგებლოს, რითაც მართლმადიდებლები სარგებლობენ (სუმბაძე, 2012), ხოლო ყველაზე არასასურველ პოტენციურ მეზობლად სექსუალურ უმცირესობებს განიხილავენ.
მაგრამ ამ არასახარბიელო სურათის ფონზე, ნუ გეგონებათ, რომ ჩვენი სტატიის გმირის ისტორია კლასიკური ამბავია არათეთრკანიანი გოგონასი, რომელიც „17 მაისისა“ და 1001 უბედურების ქვეყანაში გადმოდის საცხოვრებლად.
პირიქით, საქართველომ სულ სხვაგვარი ნიშნით მოახდინა მისი დისკრიმინირება – ისეთი რაღაცებით გამოარჩია, თავის მშობლიურ ქალაქ ლილში (საფრანგეთი) რომ ვერც წარმოიდგენდა. და მხოლოდ კარგი გაგებით: მაგალითად, როლი ჰქონდა „ცისფერი მთების“ რეჟისორის ფილმში; იმოდელა Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე ერთ-ერთი ქართველი დიზაინერისთვის; ითამაშა ორ რეკლამაში; გადაუღეს ფოტოები ქართული ონლაინმოდის მაღაზიისთვის... ჩვენი ჟურნალის ეს ნომერიც ალბათ ერთ-ერთი ასეთი მაგალითია, რომელიც ელვირ სოუს ქართულ პორტფოლიოს დაემატება. მეტიც, თავად მიიჩნევს, რომ სწორედ საქართველოში გადააწყდა პირველად პოზიტიურ დისკრიმინაციას:
„ეს ალბათ ჩემი გარეგნობის გამო ხდება და კიდევ ალბათ იმიტომაც, რომ ფრანგი ვარ. სამუშაოს აქ ხშირად ისე მთავაზობდნენ, ერთ ზედმეტ კითხვასაც არ მისვამდნენ მაშინ, როცა ჩემს აქაურ მეგობრებს უჭირთ სამუშაოს პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულიც იციან, ინგლისურიც და რუსულიც“. მიუხედავად ამისა, აცნობიერებს, რომ „ჩემი კანის ფერი ცოტათი აბნევთ აქ, მაგრამ როგორც კი ვეუბნები, რომ ფრანგი ვარ, დამოკიდებულება ეცვლებათ. ამდენად, მგონია, რომ კანის ფერთან ერთად ნაციონალობასაც აქვს მნიშვნელობა“.
ელვირი დაახლოებით ისევე მოხვდა საქართველოში, როგორც ხუთი წლის წინ ჩემი მეგობარი ირაკლი – ბელგიაში: EVS-ის საშუალებით. ეს ევროკავშირის პროექტია, Erasmus-ის ერთგვარი არააკადემიური ეკვივალენტი, რომელიც „ევროპულ მოხალისეთა სერვისს“ ნიშნავს და ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეებად უშვებს. თუმცა, „მოხალისეობა“, ამ შემთხვევაში, უფრო ოფიციალური მიზანია, რადგან სინამდვილეში, ახალგაზრდები EVS-ს უბრალოდ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის იყენებენ.
ზოგადი მოტივაცია ირაკლის და ელვირს საერთო ჰქონდათ – სახლიდან შორს, საკუთარი თავის გამოცდის სურვილი, კონკრეტული მოტივაცია კი განსხვავებული: ირაკლის განვითარებადი საქართველოდან განვითარებულ ევროპაში უნდოდა წასვლა, ელვირს ევროპიდან – სადმე უფრო ეგზოტიკურში, ან, მისივე სიტყვებით,
„არ მინდოდა ქვეყანა, რომელიც საფრანგეთს ჰგავს. მინდოდა ქვეყანა, სადაც სხვა შემთხვევაში ვერ მოვხვდებოდი, რომლის შესახებაც არაფერი მეცოდინებოდა. საქართველოზე გაგონილი მქონდა, მაგრამ რუკაზე სად იყო, არც კი ვიცოდი. ჰოდა, გადავწყვიტე, აღმომეჩინა...“
თანაც, საქართველო შორს იყო ელვირის სახლიდან და „არ გამიჩნდებოდა თვეში ერთხელ უკან დაბრუნების ცდუნება“.

სახლი
მართალია, ჩვენი საუკუნის მსოფლიო ქსელში გავრცელებული პოპულარული ციტატა გვამცნობს, რომ სახლი იქაა, სადაც არის Google-ი, იმავე მსოფლიო ქსელში (და მსოფლიო ქსელს მიღმა) სხვა უამრავი ციტატა გვხვდება „სახლის“ შესახებ, რომლებიც ამ ადგილის ეგზისტენციალურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და თითქმის ისეთივე უნივერსალური ფენომენის გვერდით აყენებს, როგორიც სიყვარული და სიკვდილია.
ელვირისთვის, უხეშად რომ ვთქვათ, პირველი ციტატა უფრო მართებულია. სამყარო ზედმეტად დიდია, ერთ ადგილას რომ დარჩე და ელვირსაც უბრალოდ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს:
„ახლა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოა ჩემი სახლი, მაგრამ იმავედ ნებისმიერი სხვა ადგილი შეიძლება იქცეს, თუ მე ვიგრძნობ იქ თავს კომფორტულად. კომფორტს კი, ამ შემთხვევაში, ადამიანები ქმნიან...“
ფორმალურად კი ელვირის მთავარი სახლი ლილია. ლილის გარეუბანში დაიბადა და გაიზარდა. დედა ფრანგი ჰყავს, მამა კი სენეგალელი. სამი წლისა იყო, მამა რომ გარდაეცვალა და კარგად არც ახსოვს. „მისი ნათესავები პარიზში ცხოვრობენ და ხშირად ვერ ვნახულობ. 2010-ში ბიძაშვილის ქორწილში ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ მამის მხრიდან უამრავი ბიძაშვილ-მამიდაშვილი მყოლია“. მაგრამ გრძნობს, რომ საკუთარ თავში ისეთ მემკვიდრეობასაც ატარებს, რომლის შესახებ ბევრი არაფერი იცის და რომ უნდა, უკეთ გაერკვეს. „ერთ დღესაც, აუცილებლად წავალ სენეგალში. მინდა, მამაჩემის ოჯახის წევრთან ერთად წავიდე, რომელიც მამას სოფელში წამიყვანდა და ჩემს იქ მცხოვრებ ნათესავებს გამაცნობდა“.
2009 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხრივ, ლილი საფრანგეთში მეოთხე ყველაზე დიდი ურბანული რეგიონია პარიზის, ლიონისა და მარსელის შემდეგ. „ძალიან კოსმოპოლიტური, მულტიკულტურული ქალაქია. მეც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მეგობრები მყავდა, რაც ძალიან მახარებს, რადგან მათთან ბევრი რამ მქონდა საერთო და განსხვავებულად არასდროს მიგრძვნია თავი“.
მიუხედავად ამისა, ყოფილა ცხოვრებაში მომენტები, როცა ელვირი საკუთარ „განსხვავებულობაზე“ დაფიქრებულა:
„შემეშინდა კიდეც, რომ ერთ დღეს, შეიძლება, იძულებული გავმხდარიყავი, არჩევანი გამეკეთებინა შავსა და თეთრს შორის, ანუ გადაჭრით მეთქვა, ვინ ვარ მე. მაგრამ დავასკვენი, რომ კი, შესაძლოა, ორი სხვადასხვა ფერისა და ეთნიკური წარმომავლობის კომბინაციას წარმოვადგენ, მაგრამ მეც ისეთივე ვარ, როგორიც ყველა: ადამიანი“.
ელვირის ასეთ მიდგომაში დედას მიუძღვის წვლილი: „დედამ, ბევრ რამესთან ერთად, ისიც მასწავლა, რომ ადამიანები თავიანთი ხასიათით არიან მნიშვნელოვანნი და არა მათი წარმომავლობით თუ ოჯახის ისტორიით“.
ამდენად, რაიმე კონკრეტულ კულტურასთან ან ქვეყანასთან იდენტიფიკაცია ელვირისთვის მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა ხშირად ხვდება ისეთებს, ვისთვისაც ყველაფერი პირიქითაა: „ზოგს არ ჰყოფნის იმის გაგონება, რომ „ელვირი“ ვარ. სახელის მერე, ხშირად მეკითხებიან, საიდან ხარო. მოკლედ, როცა უცხოეთში ვარ, უნებურად, საფრანგეთის წარმომადგენელი ვხდები და ადამიანებსაც, უნებურად, ჩემი საშუალებით გარკვეული წარმოდგენა ექმნებათ, როგორია საფრანგეთი და ფრანგი ხალხი“.

ელვირი საქართველოში მიდის
საქართველომდე ელვირი მარტო არსად ყოფილა. თავიდან სულ ექვსი თვით ჩამოვიდა, მოხალისედ. მაგრამ დედაქალაქში კი არა, რუსთავში: „ჩემი ასოციაცია რუსთავში იყო განთავსებული“. თავიდან რომ უთხრეს, რუსთავში უნდა იცხოვროო, დაგუგლა ეს ქალაქი და „ცოტათი შემეშინდა და შევწუხდი“.
მაგრამ წუხილმა მალევე გადაუარა. იმდენად, რომ მოხალისეთა პროგრამის დასრულების მერე სამშობლოში დაბრუნებული, ორ თვეში ისევ საქართველოში ჩამოვიდა და დღესაც რუსთავში ცხოვრობს:
„ვიგრძენი, რომ არ მეყოფოდა ერთი თვე: ბევრი რამე მქონდა აქ კიდევ აღმოსაჩენი“.
არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა მიზეზი კი დასარჩენად იყო ქართველი მეგობარი ბიჭი, რომელიც EVS-ში მოხალისეობის დროს გაიცნო. „ოთხი თვე მეგობრები ვიყავით, ბოლო ორი თვე – შეყვარებულები. თავიდან თითქოს არაფერი სერიოზული, მაგრამ... ახლა ერთად ვცხოვრობთ რუსთავში. რუსთავიდანაა ისიც“.
ცხოვრება რუსთავში
ელვირის ქართველი მეგობრისგან ვიცი, რომ ელვირს ისეთი ქართველი ნაცნობებიც ჰყავს, ვისაც ვერაფრით გაუგია, რატომ შეიძლება, მისნაირი (მომხიბლავი და „მოთხოვნადი“) გოგონა რუსთავში ცხოვრობდეს. მეტიც, „ეჩხუბებიან კიდევაც, გადმოდი თბილისშიო“. არადა, ჯერ ერთი, ევროპელი ადამიანისთვის გარეუბანში ცხოვრება (და დედაქალაქის ცენტრში მუშაობა) სრულიად მისაღები მოვლენაა და მეორეც, რუსთავში, სადაც ელვირი მეგობარ ბიჭთან ერთად ცხოვრობს, „უფრო იაფი ღირს ბინები. თვეში 300 ლარს ვიხდით. კარგი ბინა გვაქვს, ერთი დიდი ოთახით, რომელსაც მისაღებად და საძინებლად ვიყენებთ, და მშვენიერი სააბაზანოთი, სამზარეულოთი და პატარა აივნით“. თავისუფალ დროს, რუსთავის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ვარჯიშობენ, ხოლო სხვა საქმეებზე თბილისში ჩამოდიან.
ელვირის შეყვარებული, რომელსაც ელვირის მეგობრები „ძალიან კარგ, წესიერ, ადამიანურ“ ბიჭად ახასიათებენ, უნივერსიტეტში IT-ს სწავლობს და თბილისში, ერთ-ერთი ინტერნეტპროვაიდერისთვის მუშაობს:
„4 დღეში ერთხელ 24 საათი უწევს მუშაობა. უცნაური გრაფიკი აქვს“, სამაგიეროდ – ელვირზე კარგი შემოსავალი, ამიტომ, როცა რამე შედარებით ძვირი სჭირდებათ ხოლმე, ის იხდის, „თუმცა, არ ვაძლევ უფლებას, ყველაფერი გადაიხადოს“, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ელვირი სულ უფულოდ რჩება.
„ისე ვცხოვრობთ, რომ გვყოფნის“. მაგალითად, შეყვარებულის დედასთან სადილობენ ხშირად: „უყვარს ჩვენი მოპატიჟება. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. მეორე დედასავითაა ჩემთვის“. მეტიც, როცა საქართველოსა და ტოლერანტობის საკითხებზე ვიწყებთ საუბარს (რასთან დაკავშირებითაც ელვირი ამბობს, ეს ყველგან ხდება, თუმცა არატოლერანტული მოპყრობა პირადად არასდროს მიგრძვნია, მარტო ინტერნეტით ვიგებ ამბებს, მაგალითად, საყურის ტარების გამო ბიჭს რომ სცემესო), ელვირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი შეყვარებულის დედა საკმაოდ რელიგიურია, მაგრამ იცის, მე რომ არ მჯერა ღმერთის და არავითარი პრობლემა არა აქვსო. ერთადერთი, რაც ელვირი ბოლო დროს ვეგეტარიანელი გახდა, ბიჭის დედა ქათამს მაინც სთავაზობს – ეს ხომ არაა ხორციო.
ოჯახისგან არაფერს იღებს. ფულს ტანსაცმელზეც ზოგავს. არადა, ისე ლამაზად აცვია. „მეორადებში ვყიდულობ სულ. აი, ფეხსაცმელი კი არ მიყიდია. სამი წყვილი ჩამოვიტანე საფრანგეთიდან და ამ სამს ვხმარობ, ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ არა უშავს“.

"მოზაიკა"
ირაკლი ბარ „ზოეში“ გაიცნო, როცა ის იქ ბარმენად მუშაობდა და ცოტა ხანში საკუთარი ბარის, „მოზაიკის“ გახსნას აპირებდა. ჰოდა, ელვირს შესთავაზა, რომ გავხსნი, თუ გინდა, ჩემთან იმუშავეო. ახლა „მოზაიკაში“ კვირაში სამჯერ მუშაობს და კომფორტულად გრძნობს თავს: „სასიამოვნო ატმოსფეროა, კეთილგანწყობილი ხალხი“. მართლაც, „მოზაიკის“ დანარჩენი თანამშრომლების თქმით, ელვირი იქ საყოველთაო სიმპათიის ობიექტია, განსაკუთრებით, ბიჭების მხრიდან. საუკეთესო თანამშრომელიც არის. ირაკლის თქმით, „ყველა ქართველზე უკეთ მუშაობს. სამსახურში ზუსტ დროს მოდის და ზუსტ დროს ამთავრებს მუშაობას. ზოგადად, მგრძნობიარე ადამიანია, სწორი დამოკიდებულებებით და იუმორით“. კომუნიკაციის პრობლემაც არ აქვს – იმდენი ქართული იცის, რომ შეკვეთა მიიღოს და კლიენტს დაელაპარაკოს. თუმცა, ზოგი მაინც დაჟინებით ინგლისურად ელაპარაკება, ზოგს კი საერთოდ ქართველი ჰგონია თურმე.
„მოზაიკაზე“ უფრო კარგშემოსავლიან ადგილასაც („ლოლიტაში“) სცადა ერთხელ მუშაობა, მაგრამ არ მოეწონა:
„მგონი, უბრალოდ უნდოდათ, რომ იქ ვყოფილიყავი... გახსნის დღეს, მაგალითად, კარებში დამაყენეს, ფორმალურად სტუმრების სია უნდა შემემოწმებინა, მაგრამ რეალურად ის იყო, რომ „აი, უბრალოდ დადექი და კარგად გამოიყურებოდე!“ არ ვიცი... ალბათ, როგორც რაღაც ეგზოტიკური, ხალხის მოსაზიდად...“
„მოზაიკა“ პირველი კულტურული შთაბეჭდილების გაქარწყლებაშიც დაეხმარა, თორემ თავიდან, EVS-ის დროს, ეგონა, საქართველოში ყველა ერთნაირად იყო ტრადიციებს მიჯაჭვული. მართალია, ხვდება, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძველი კულტურა მძლავრობს და რომ მის ბინადრებს გრძელი გზა აქვთ გასავლელი („მაგალითად, ქალებისა და LBGTQ ადამიანების უფლებათა მხრივ“), მაგრამ „ეს ყველაფერი იცვლება. თბილისში, კაფეებში, ბარებსა თუ კლუბებში, ხშირად ვხედავ, როგორ თავისუფლად ურთიერთობენ ადამიანები, ასაკის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა თუ კანის ფერის მიუხედავად“.
„მოზაიკა“ ელვირისთვის „სხვა საქართველოს“ და უბრალოდ საინტერესო შეხვედრების ადგილია. მაგალითად, ელდარ შენგელაიას ფილმის კასტინგ-მენეჯერი სწორედ აქ შესულა სასურველი ტიპაჟის მოსაძებნად და უპოვნია კიდეც: ელვირისთვის უთქვამს, ფილმს ვიღებთ და შენი კანის ფერის გოგონას ვეძებთო. ფილმი სრულმეტრაჟიანია, მომავალ წელს გამოდის და „სავარძელი“ ჰქვია.

ელვირი საქართველოდან მიდის
ქუჩაში თუ საჯარო ტრანსპორტში, ხალხი სულ უყურებს და თითქმის სულ – კეთილგანწყობით. ცხადია, ძალიან სიამოვნებს ქათინაურების მიღება, მაგრამ მიიჩნევს, რომ არ იმსახურებს (თავმდაბლობას ინტერვიუს დროსაც ავლენს, ზედმეტად ბევრს ვლაპარაკობ საკუთარ თავზეო).
საქართველოში კიდევ ბუნება მოსწონს: „ყველაფერია – მთები, ზღვა, მზე, თოვლი... დარწმუნებული ვარ, საფრანგეთშიც არის მსგავსი ადგილები, მაგრამ მე არ მინახავს. და რადგან ახლა საქართველოს აღმოჩენა დავიწყე [უკვე ნამყოფია აჭარაში, გურიაში, რაჭაში, ბაკურიანში, ბორჯომში, ლაგოდეხში], მივხვდი, რომ საფრანგეთიც უნდა დავათვალიერო. ბოლო-ბოლო, ჩემი ქვეყანაა და თითქმის არ ვიცნობ“.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც საქართველო უყვარს, საკუთარ თავში ახალი თვისებების და შესაძლებლობების აღმოჩენაა: „არ ვიცი, ეს კონკრეტულად საქართველოს გამოა თუ უბრალოდ სხვა ქვეყანაში ცხოვრების შედეგი, მაგრამ მე აქ გავიზარდე. საქართველო ჩემი ნაწილი გახდა. ვიცი, რომ დიდხანს ვერ გავძლებ და ჩამოვალ. წელიწად-ნახევარია, რაც ოჯახი და მეგობრები არ მინახავს და მათ თითქოს დავცილდი, მათ გარეშე გავიზარდე. ახლა უკვე რაღაც ისეთს ვატარებ ჩემში, რასაც ვერ გავუზიარებ. რომც ჩამოვიდნენ, იმას მაინც ვერ იგრძნობენ, რასაც მე ვგრძნობ საქართველოსადმი. მაგრამ აუცილებლად ჩამოვიყვან.
დედაჩემს, წესით, ძალიან მოეწონება აქაურობა. თან, ხომ უნდა ნახონ, სად ვცხოვრობდი, სად გავიზარდე. და, ბოლო-ბოლო, ეს ის ადგილია, სადაც სიყვარული ვიპოვე!
აგვისტო ელვირის ბოლო თვეა საქართველოში. შინ ბრუნდება და ახალ ეტაპზე გადადის: „მომავალზე ფიქრის დროა“ – სწავლა უნდა, თუმცა რისი, ზუსტად არ იცის. ალბათ, მოდასა და დიზაინში მოსინჯავს თავს: „ესეც ბოლომდე არ ვიცი, მინდა თუ არა, მაგრამ სხვაც არაფერი მაინტერესებს. ერთხელ ვსწავლობდი უკვე უნივერსიტეტში და არ მომეწონა. არ მინდა, იგივე შეცდომა გავიმეორო“. არც ის უნდა, საფრანგეთში რომ ისწავლოს, უფრო ჰოლანდიას განიხილავს, და დიდი იმედი აქვს, რომ მეგობარი ბიჭიც მალე შეუერთდება: „ახლა ორივე დაბნეულები ვართ... გვიყვარს ერთმანეთი... მასაც უნდა ევროპაში სწავლა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მას ვიზა სჭირდება“ (ზოგადად, თუ ქართულ პოლიტიკაზე ელვირი ოდესმე ფიქრობს, ფიქრობს სწორედ ვიზების სიმკაცრის და კიდევ მარიხუანის მოხმარებისთვის დაჭერილი ხალხის გამო, თორემ „პოლიტიკა ჩემს ქვეყანაშიც არ მაინტერესებს... შემდეგ წელს პირველად შევძლებ ხმის მიცემას და წარმოდგენა არ მაქვს, ვის ავირჩევ“).
თუმცა, თუ არჩევანზე ვლაპარაკობთ, მისმა პირადმა არჩევანმა გაამართლა მაშინ, როცა საქართველოში ჩამოვიდა. აქ, თითქოს, ელვირი შინაგანად გამთლიანდა. ახლა ელვირი თამამად ამბობს, რომ: „საფრანგეთიდან ვარ, ლილიდან. ეს ქალაქი ჩრდილოეთშია, ბელგიასთან ახლოს. სულ ახლახან გავხდი 20 წლის“. მაგრამ თან საკუთარი თავის შესახებ გაცილებით უფრო მეტი რამ იცის, ვიდრე ეს მშრალი ფაქტებია: „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბარში ვიმუშავებდი და ქართულად ვილაპარაკებდი. უცხო ადამიანებთან საუბარი ვისწავლე, რაც საფრანგეთში მიჭირდა და ამის გამო ხშირად მორცხვადაც ვითვლებოდი. მივხვდი, რომ რაღაცას ალბათ მეც წარმოვადგენ, ისევე, როგორც ყველა ადამიანი, და რომ არაა ტრაგედია, თუ არ იცი, რა გინდა ცხოვრებაში...“